ბუდუს გოლამდე ცოტა დააკლდა | ჰაიდენჰაიმმა ვოლფსბურგს მოუგო
ბუნდესლიგის 27-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე იცავს, „ვოლფსბურგს“ ესტუმრა და 1:0 იმარჯვა.
ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე გავიდა, როდესაც „ჰაიდენჰაიმის“ ფორვარდმა, მარვინ პირინგერმა 11-მეტრიანი გამოიმუშავა და ზუსტად შეასრულა. ამრიგად, „ჰაიდენჰაიმმა“, რომელიც ბუნდესლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, სტუმრად უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ფრანკ შმიდტმა ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა და სრულად ათამაშა. ქართველ ფორვარდს მეორე ტაიმში კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან მისი დარტყმული ბურთი „მგლების“ მეკარემ, კამილ გრაბარამ მოიგერია.
ბუდუმ Sofascore-ისგან 6,9-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 დარტყმა კარში, 3 დარტყმა კარისკენ, 4-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 39 შეხება ბურთთან, 26-დან 19 ზუსტი პასი (73%), 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 5-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 9-დან 2 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. ბუდუმ 13-ჯერ დაკარგა ბურთი ერთხელ დაჯარიმდა, მეტოქეს კი ასევე ერთხელ დაარღვევინა წესები.
ზივზივაძის გამორჩეული მომენტები
27 მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმს“ 22 ქულა აქვს და ბუდუს გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ჰაიდენჰაიმი“ 5 აპრილს, შინ „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება ზივზივაძეს, „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით მას ყველა ტურნირზე 14 მატჩი აქვს ჩატარებული და ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია.