გიორგი მამარდაშვილი, კაოიმჰინ კელეჰერი
Aa
Aa

ერთით ნაკლები კონკურენტი მამარდაშვილს - ლივერპული კელეჰერს ემშვიდობება

„ლივერპულში“ ჩასულ გიორგი მამარდაშვილს ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი კონკურენტი დახვდება. Football Insider-ის ცნობით, 26 წლის ირლანდიელი მეკარის, კაოიმჰინ კელეჰერის გადაბირებით „ბორნმუთი“ ინტერესდება და მზად არის მისი ტრანსფერისთვის ბრძოლაში გრანდებს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. „ალუბლებისთვის“ აქამდე პრიორიტეტული „ჩელსიდან“ კეპა არისაბალაგას საბოლოო გამოსყიდვა და მასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება იყო, მაგრამ როგორც ჩანს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ყურადღება კელეჰერისკენ გადაიტანეს.

მერსისაიდელები კელეჰერის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს ითხოვენ, რისი გადახდის საშუალებაც „ბორნმუთს“ ამ ეტაპზე არ აქვს, თუმცა ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ გუნდი რომელიმე ევროტურნირის საგზურს მოიპოვებს, რაც მათ დამატებით ფინანსურ სარგებელს მოუტანს და ტრანსფერების განხორციელების საშუალებას მისცემს.

არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ირლანდიელის დამატება-არდამატება იქნება დამოკიდებული. კელეჰერის შეძენის მთავარი ინიციატორი ანდონი ირაოლაა, რომელსაც „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ანგე პოსტეცოღლუს შეცვლის მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ და თუ ბასკი სპეციალისტი წავა, მაშინ შესაძლოა „ლივერპულის“ კიპერში ამხელა თანხის გადახდა აღარავინ მოისურვოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, კელეჰერის „ლივერპულში“ დარჩენა გამორიცხულია - თუ „ბორნმუთის“ ვარიანტი ჩაიშლება, მაშინ მას „ჩელსი“ მიმართავს წინადადებით, რომლის მთავარი მწვრთნელი ენცო მარესკა რობერტ სანჩესის არადამაჯერებელი ასპარეზობით უკმაყოფილებას ვერ მალავს და ახალი მეკარის დამატებას კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ლივერპულში ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ, მამარდაშვილის დონე დაეცა“
“ლივერპულში ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ, მამარდაშვილის დონე დაეცა“