ქართველების ყოფილი მწვრთნელი კანადაში - კონტრაქტი მალე გაფორმდება
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი დამრიგებელი რამდენიმე დღეში სათავეში კანადის ეროვნულ გუნდს ჩაუდგება - Sportsnet.ca-ს ცნობით, გორდონ ჰერბერტმა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის წარმომადგენლებთან ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტს ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.
კანადელი სპეციალისტი, რომელიც სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, საქართველოს ნაკრებს 2005-2006 წლებში ავარჯიშებდა, თუმცა საკალათბურთო სამყაროს ჰერბერტმა თავი ყველაზე კარგად გერმანიის ეროვნულ გუნდში მუშაობისას გააცნო, რომელსაც 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა, 2022-ში კი, ევრობასკეტის ბრინჯაოს მედლები მოაგებინა. ბუნდესგუნდის დამრიგებლის პოზიცია 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დატოვა და „ბაიერნი“ ჩაიბარა, თუმცა მიუნხენელები მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონატში მეხუთე ადგილს ვერ ასცდნენ და კარისკენ მიუთითეს.
კანადის კალათბურთელთა ნაკრების გენერალური მენეჯერის, როუენ ბერეტის თქმით, ისინი ეძებდნენ ისეთ სპეციალისტს, რომელსაც დიდ ტურნირებზე წარმატების მიღწევის გამოცდილება ექნებოდა და თვლის, რომ გორდონ ჰერბერტის სახით იდეალური კანდიდატურა შეარჩიეს, რომელიც მათ გუნდს 2028 წლის ლოს-ანჯელესის თამაშებზე რომელიმე სინჯის მედალს აუცილებლად მოუტანს.