ყველაფერი შეთანხმებულია - სონენი ასპინალი-ჯონსის ბრძოლაზე
უკვე თვეებია გრძელდება საუბარი იმის შესახებ, რომ UFC-ის მძიმე წონითი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლა ჯონ ჯონსსა და ტომ ასპინალს შორის უნდა შედგეს. შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულად არაფრის თქმა არ შეუძლია. სამაგიეროდ, საქმეში მეტი კონკრეტიკა შეიტანა MMA-ს ვეტერანმა მებრძოლმა ჩეილ სონენმა, რომელიც ახლა ანალიტიკოსად მუშაობს.
რას ამბობს ასპინალი-ჯონსის ბრძოლაზე
დამიჯერეთ, UFC-ის ხელმძღვანელებმა ტომისა და ჯონის ბრძოლის თაობაზე ყველა დეტალი პერეირა-ანკალაევის ჩხუბის დაწყებამდე შეათანხმეს. ეს არის ინსაიდერული ინფორმაცია, რომელსაც ჩემს გარდა, სხვისგან ვერავისგან მოისმენთ. სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის გაოფიციალურებასაც ჯერჯერობით ერიდებიან.
ჩემი ინფორმაციით ასპინალი და ჯონსი ნოემბერში ნიუ-იორკში იჩხუბებენ, ან დეკემბერში ლას-ვეგასში და ეს გრანდიოზული დაპირისპირება იქნება. დარწმუნებული ვარ, UFC-ის შეფები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ ბრძოლა იმ არენაზე შედგეს, სადაც ამ ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მეტი ბილეთები გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსმა უკანასკნელ ოთხ წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ იჩხუბა და ბოლოს ოქტაგონში გასული წლის ნოემბერში შევიდა, როდესაც სტიპე მიოჩიჩი მესამე რაუნდში დაანოკაუტა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.