ლებრონის მსხვერპლი - ლეგენდა ხელფასს იმცირებს
ლებრონ ჯეიმსი ცდილობს „ლეიკერსის“ ხელმძღვანელებს ზამთარში „დალასიდან“ დამატებული ლუკა დონჩიჩის გარშემო ახალი გუნდის აშენებაში დაეხმაროს. Clutch Points-ის ინსაიდერის, ბრეტ სიგელის ცნობით, 40 წლის ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის კლუბის შეფებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა, სადაც მისი ანაზღაურების შემცირებაზე ისაუბრეს, რაც სახელფასო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად განტვირთავს და კალიფორნიელებს კვალიფიციური კადრების დამატების საშუალებას მისცემს.
რას წერენ ჯეიმსზე
ძალიან მალე ლებრონი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, რომლის მიხედვითაც დამატებით 50,6 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, უარს იტყვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის „ლეიკერსის“ დატოვებას გეგმავს. უბრალოდ, ჯეიმსმა რობ პელინკსა და მის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მზადაა ხელფასი დაიკლოს, რათა გუნდი უფრო გაძლიერდეს, ახალი კადრები დაიმატოს და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.
ცნობისათვის, ლებრონ ჯეიმსი NBA-ს მიმდინარე სეზონში საშუალოდ 24,5 ქულას, 8,2 მოხსნასა და 8,5 ასისტს აგროვებს. „ლეიკერსი“ კი დასავლეთ კონფერენციაში 44 მოგებითა და 29 წაგებით მეხუთე ადგილზეა.