„სისტემის მიმართ სრული ნდობა მაქვს, მაგრამ ერთი რამ მაწუხებს“ - ანჩელოტი ბრალდებაზე
მადრიდულმა As-მა გუშინ დაწერა, რომ კარლო ანჩელოტის თაღლითობაში ედება ბრალი. მადრიდის პროკურატურამ „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელისთვის 4.9-წლიან პატიმრობა მოითხოვა.
როგორც ირკვევა, ანჩელოტის საგადასახადო დავალიანებამ მილიონ 217 958 ევრო შეადგინა. გარდა ამისა ის დაჯარიმებულია 243 593 ევროთი, რასაც პროცენტის სახით 47 298 ევროც დაემატა. თავად იტალიელი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ესპანეთში მართლმსაჯულების მიმართ ნდობა აქვს.
„დღის წესრიგში ბევრი თემაა განსახილველი, უნდა წავიდე და განცხადება გავაკეთო და ამას ოთხშაბათს გავაკეთებ, მაგრამ ახლა აქ არ არის ამის განხილვის ადგილი.
პროკურატურის მიერ შეტანილი საჩივარი მომავალ კვირას განიხილება. მე მოვიგე პირველი საქმე და კანონისა და სასამართლო სისტემის მიმართ სრული ნდობა მაქვს. არ ვღელავ. მაწუხებს, რომ ჩემი მხრიდან თაღლითობაზე საუბრობენ, მაგრამ მე მზად ვარ ჩვენება მივცე“,
- განაცხადა ანჩელოტიმ.
„პაპა კარლოს“ 2014-2015 წლებში სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ ერთბაშად ორი დანაშაულის ჩადენაში ედავებიან და ორივეს ჯამში მისგან 3 მილიონი ევროს გადახდას მოითხოვენ, რაც საბრალდებო დასკვნაშიც არის მითითებული.
საქმე 2 აპრილს მადრიდის სასამართლოში განიხილება.