კრიშტიანუსთან კონფლიქტის გამო - პიოლი საუდის არაბეთიდან მიდის
სტეფანო პიოლიმ კრიშტიანუ რონალდუსთან კონფლიქტის გამო შესაძლოა „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვოს და მუშაობა „რომაში“ განაგრძოს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sportitalia ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, პიოლის მუშაობამ კლუბში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ის როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ისეთ სირთულეებს შეეჩეხა, რომლებსაც ვერაფრით ვერ უმკლავდება.
ამ ყველაფერს ემატება გუნდის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუსთან დაძაბული ურთიერთობა, რომელიც საკუთარ უკმაყოფილებას არ მალავს და თითქმის ყველა შეხვედრის დროს, როდესაც იტალიელი სპეციალისტი მას ცვლის, პორტუგალიელი ვარსკვლავი მოედანს დამრიგებლის მიმართ კრიტიკული გამონათქვამების ფონზე ტოვებს.
შესაბამისად, არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ პიოლი სამშობლოში დაბრუნდეს, სადაც მას „რომაში“ მუშაობას უწინასწარმეტყველებენ. მართალია დედაქალაქური კლუბი კლაუდიო რანიერიმ კრიზისიდან გამოიყვანა, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ სეზონის ბოლოს სამწვრთნელო კარიერის დასრულება და შესაბამისად, მის იდეალურ შემცვლელად სწორედ პიოლის მოიაზრებენ.
ცნობისათვის, „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ლიდერ „ალ-იტიჰადს“ – 10, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ „ალ-ჰილალს“ 6 ქულით ჩამორჩება.