სპანდერაშვილის ლელო - ქართველი მორაგბე „ვალენსს“ მოგებაში დაეხმარა
ქართველი მორაგბის მორიგი კარგი თამაში საფრანგეთის ჩემპიონატში. პრო D2-ის XXIV ტურში „ვალენს რომანმა“ საკუთარ სტადიონზე „პროვანსი“ დიდი სხვაობით, 63:7 დაამარცხა და მასპინძლების წარმატებაში თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი საქართველოს ნაკრების წევრმა, ილია სპანდერაშვილმა შეიტანა.
სპანდერაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მთელი მატჩის განმავლობაში საკუთარ საქმეს იდეალურად ასრულებდა - 78-ე წუთზე კი, მასპინძლების შემადგენლობაში ბოლო ლელო სწორედ საქართველოს 20-წლამდე ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დადო. ამ შეხვედრაში სპანდერაშვილის გარდა კიდევ ერთმა ქართველმა იასპარეზა - პროვანსელების ძირითადში იყო თორნიკე ჯალაღონია, რომელიც 69-ე წუთზე ანდრეს ზაფრა ტარაზონამ შეცვალა.
24 ტურის შემდეგ „ვალენს რომანი“ სატურნირო ცხრილში 51 ქულით მეათე პოზიციაზეა. „პროვანსს“ კი 67 ქულა აქვვს და მესამე ადგილს იკავებს.