გრანადას მოულოდნელი მარცხი - წიტაიშვილმა შეცვლაზე ითამაშა
ესპანეთის სეგუნდადივიზიონის XXXIII ტურში „გრანადასთვის“ ქულების დაგროვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან კანარის კუნძულებზე გამარჯვების შემთხვევაში ანდალუსიელები პლეი ოფის ზონაში შევიდოდნენ. აქედან გამომდინარე, ცოტა უცნაური იყო მთავარი მწვრთნელის ფრან ესკრიბას გადაწყვეტილება, რომელმაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი წიტაიშვილი თადარიგში დატოვა. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ ქართველი ნახევარმცველი სანაკრებო ბატალიების შემდეგ გადაღლილი იქნებოდა და დასვენების საშუალება მისცა. თუმცა, როტაცია მის კლუბს ძვირად დაუჯდა და „გრანადა“ სტუმრად სეგუნდაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ „ტენერიფესთან“ 1:2 დამარცხდა.
ანდალუსიელებმა პირველი ტაიმი ლუკას ბოიეს ზუსტი პენალტის წყალობით მოიგეს, თუმცა შესვენების შემდეგ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. მატჩის ანტიგმირი „გრანადას“ 24 წლის მცველი მანუ ლამა იყო, რომელმაც ჯერ ავტოგოლი მიითვალა, შემდეგ კი მასპინძლების ერთ-ერთი კონტრშეტევა წესების დარღვევით ჩაშალა, რაც წითელ ბარათად შეფასდა და თანაგუნდელები დააღალატა, სტანდარტი კი მასპინძლებმა მაღალ დონეზე შეასრულეს.
გიორგი წიტაიშვილი მოედანზე 65-ე წუთზე მანუ ტრიგუეროსის ნაცვლად გამოჩნდა. 33 წუთში მისი დრიბლინგის ორი მცდელობიდან ერთი წარმატებული აღმოჩნდა, ბურთს 10-ჯერ შეეხო და ხუთიდან სამი ზუსტი პასი გააკეთა, ათბალიანი სისტემით კი, 6.5 მეათედი შეფასება მიიღო.
33 ტურში დაგროვებული 49 ქულით „გრანადა“ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 5 აპრილს, წიტაიშვილსა და მის თანაგუნდელებს ანდალუსიური დერბი ელით და „ლოს კარმენესზე“ „ალმერიას“ უმასპინძლებენ - შეხვედრა თბილისის დროით, 20:30 წუთზე დაიწყება.