ბრაზილია უმწვრთნელოდ დარჩა - დორივალ ჟუნიორი გათავისუფლებულია
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ედნალდო როდრიგესის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს დორივალ ჟუნიორი აღარ გაწვრთნის.
თანამდებობები დატოვეს დორივალ ჟუნიორის ასისტენტებმა - ლუკას სილვესტრემ და პედრო სოტერომ, ასევე ფიზმომზადების მწვრთნელმა, ჩელსო რესენდემ.
„ფედერაციის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის დორივალ ჟუნიორს პროფესიონალიზმისთვის და წარმატებას უსურვებს კარიერის შემდეგ ეტაპზე. ფეხბურთის ფედერაცია ახლა მის შემცვლელს ეძებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბრაზილიური გამოცემა Globo-ს ცნობით, ვაკანტურ თანამდებობაზე მთავარი ფავორიტად კარლო ანჩელოტი მიიჩნევა, კანდიდატებს შორისაა ჟორჟე ჟეზუშიც.
დორივალ ჟუნიორი ბრაზილიის ნაკრებში 2024 წელს დაინიშნა და „პენტაკამპეონებს“ 16 მატჩში უხელმძღვანელა (7 მოგება, 7 ფრე, 2 წაგება).
ცნობისთვის, უკანასკნელ მატჩში დორივალ ჟუნიორის გაწვრთნილი გუნდი ბუენოს-აირესში, არგენტინის ნაკრებმა გაანადგურა (1:4).
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევში ბრაზილიამ უკვე მე-4 მწვრთნელი გამოიცვალა - ტიტეს წასვლის შემდეგ „პენტაკამპეონებს“ რამონ მენეზესი და ფერნანდო დინიზი წვრთნიდნენ. უახლოეს მატჩებს „სელესაო“ ივნისში, ეკვადორისა და პარაგვაის წინააღმდეგ გამართავს.