შენგელიას 15 ქულა - ვირტუსმა აუტსაიდერს მოუგო
ევროლიგის რეგულარული ეტაპის XXXII ტურში, სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფი „ვირტუსი“ ბერლინში ბოლოადგილოსან „ალბას“ ესტუმრა და მოწინააღმდეგე დიდი სხვაობით, 108:64 დაამარცხა. თორნიკე შენგელია გამარჯვებული გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და შედეგიანობით მხოლოდ აკილე პოლონარას ჩამორჩა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 23 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. თოკომ შვიდიდან ექვსი ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმოები 100-პროცენტიანი (სამიდან სამი) სიზუსტით ისროლა. სამი მოხსნიდან ორი დაცვაში, ერთი კი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ორშაბათს, 31 მარტს, თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში საკუთარ დარბაზში „რეჯინას“ უმასპინძლებენ და მატჩი თბილისის დროით, 21:45 წუთზე დაიწყება.