გოგა ბითაძე, ვატო ნაცვლიშვილი
Aa
Aa

„დროა იტალიას მოვუგოთ“ - ვატო ნაცვლიშვილი კენჭისყრის შედეგებზე

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართული კენჭისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები Eurobasket 2025-ის ჯგუფურ ეტაპზე C ჯგუფში ესპანეთის, საბერძნეთის, იტალიის, ბოსნიისა და კვიპროსის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს.

ფორმატის თანახმად ჯგუფიდან მერვედფინალში ექვსიდან ოთხი საუკეთესო გავა და შესაბამისად, ქართველ კალათბურთელებს წარმატების მიღწევის საკმაოდ წონადი შანასები ექნებათ. ასეთივე აზრზეა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ვატო ნაცვლიშვილი, რომელმაც Crystalsport-თან საუბარში კენჭისყრის შედეგები შეაფასა.

ვატო ნაცვლიშვილი

ყველანაირი ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ და საქმეს ცივსისხლიანად მივუდგეთ. მოსაგებია თამაშები ბოსნიასთან და კვიპროსთან და მათთან დაპირისპირებებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, მაქვს დიდი სურვილი და ვფიქრობ ამის დრო მოვიდა, რომ იტალია დავამარცხოთ. თითქმის ყველა გუნდთან ერთი მატჩი მაინც გვაქვს მოგებული, აპენინელებთან კი ამხანაგური თამაშშიც კი არ გაგვიმარჯვია.

რაღა დაგიმალოთ, მერჩივნა და კენჭისყრის მიმდინარეობის დროსაც ვნატრობდი A ჯგუფში მოვხვედრილიყავით და ლატვიის დედაქალაქში გვეთამაშა. ეს მეტოქეების მხრივაც უკეთესი იქნებოდა და სხვა მიზეზის გამოც. როგორც იცით, პლეი ოფიდან ყველა თამაშს რიგა უმასპინძლებს და გამგზავრება არსად აღარ მოგვიწევდა.

რატომ არ აქვთ გოგა ბითაძეს და სანდრო მამუკელაშვილს NBA-ში საკმარისი სათამაშო დრო? ეს რთული და კომპლექსური საკითხია. ეს ბიჭები ჩვენი თანამემამულეები არიან და ბუნებრივია, რომ მსჯელობის დროს ცოტა სუბიექტურებიც ვართ.

თუ შევადარებთ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზაზა ფაჩულიასა და გოგა ბითაძის სათამაშო დროს, დიდი სხვაობა ნამდვილად არ არის. მაშინ ზაზას შემთხვევაში გულშემატკივარს ამის თაობაზე პრეტენზიები არ უჩნდებოდა, გოგას როცა ეხება საქმე კი უჩნდება და ეს შეიძლება იმის გამო ხდება, რომ მან სეზონის პირველი ნახევარი ინდივიდუალური თვალსაზრისით დიდებულად იასპარეზა.

პირადად ჩემთვის ბითაძე საქართველოს კალათბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია და მისი თვისებები საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპის ყველა შეხვედრას საქართველოს ნაკრები კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართავს და ტურნირს 28 აგვისტოს, მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან თამაშით დაიწყებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან რთული ჯგუფია“ | შერმადინმა ევრობასკეტის წილისყრაზე ისაუბრა
„ძალიან რთული ჯგუფია“ | შერმადინმა ევრობასკეტის წილისყრაზე ისაუბრა