„ლიგა 1-ის ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელი“ | რას წერს Sofoot-ი მიქაუტაძეზე
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, Sofoot-მა „ლიონის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა. ავტორი მიქაუტაძის ბოლოდროინდელ ასპარეზობას ეხმაურება და აცხადებს, რომ გიორგი ლიგა 1-ის ყველაზე გადამწყვეტი თავდამსხმელია.
„ამ მომენტისთვის, ლიგა 1-ის ყველაზე გადამწყვეტი თავდამსხმელი არც ნორვეგიელია, არც ფრანგი და არც ბრაზილიელი... ის ქართველია და არც პარი სენ-ჟერმენში თამაშობს და არც სენტ-ეტიენში. ეს ფეხბურთელი, რომელიც ყველას უსწრებს, გიორგი მიქაუტაძეა.
ბოლო 12 შეხვედრაში, ლიონის მოთამაშე გადამწყვეტი 17-ჯერ იყო. მან 9 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ამ პერიოდში, ევროპაში მასზე უკეთესი შედეგი არავის აქვს. არც თვითონ უსმან დემბელეს, რომელმაც 11 გოლი და 1 ასისტი გაიფორმა. საქართველოს ნაკრებში დუბლის ავტორი მიქაუტაძე ლიონში დაბრუნდა და სტრასბურგთან გასამართი მატჩისთვის ემზადება. პაულო ფონსეკას გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის და პორტუგალიელი სპეციალისტის წყალობით, მიქაუტაძემ თავისი თავი როგორც იქნა იპოვა.
ბევრ ფეხბურთელს ვერ ვხედავთ, ვისაც მისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. არც ალექსანდრ ლაკაზეტია გამონაკლისი, რომელიც პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, აშკარად გამოცოცხლებულია. ფაქტია, ლაკაზეტი მიქაუტაძეს ცოტათი ჩამორჩა. ქართველ ფეხბურთელს ბრწყინვალე პერიოდი უდგას. უფრო მობილურია, უფრო გადამწყვეტი და უფრო მეტი გამძლეობით გამოირჩევა. მისი და რაიან შერკის ურთიერთგაგება უფრო და უფრო იხვეწება და ბოლო კვირებია, მიქაუტაძე ყველას ახარებს“, - წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ, სანაკრებო პაუზის დროს, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბოლო 4 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 7 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.