„სკანდალებით ყურადღების მიქცევას ცდილობს“ - ეი სმიტის პასუხი ლებრონს
რამდენიმე დღის წინ, ლებრონ ჯეიმსმა კალათბურთზე მომუშავე ამერიკელი სპორტული ჟურნალისტები საჯაროდ გააკრიტიკა. „ლეიკერსისა“ და NBA-ს 40 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სპორტის ეს სახეობა სათანადოდ არ შუქდება, რის გამოც თავი ვალდებულად ჩათვალა ჯეი ჯეი რედიკთან ერთად გასულ წელს პოდკასტი გაეკეთებინა. ჯეიმსის კრიტიკას პირველმა ESPN-ის ცნობილმა წამყვან სტივენ ეი სმიტმა უპასუხა, რომელსაც ლოს-ანჯელესის კლუბის 23-ე ნომერთან ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა აქვს.
რას ამბობს ლებრონზე
არაჩვეულებრივი მამა, მამაკაცი, რეჟისორი, პროდიუსერი, ფილანტროპი - ჩვენ შეგვიძლია მას ეს ტიტულები მივანიჭოთ. 95 პროცენტი, რასაც ლებრონზე ვლაპარაკობთ, დადებითია. თუმცა, მას ყურში ხვდება მხოლოდ ის, რაც არ მოსწონს, რადგან ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს.
„კლივლენდიდან“ წასვლა, პლატფორმა პოდკასტის სახით, თავდასხმები ბრაიან უინდჰორსტზე, უკულტურო გამონათქვამები 70-იანი წლების კალათბურთელებზე - ეს ფაქტები კარგი მაგალითებია იმისა, რომ ჯეიმსი თავად ცდილობს სკანდალების ეპიცენტრში მოხვედრას, რათა მაქსიმალურად მიიპყროს საზოგადოების ყურადღება და შეიქმნას იმიჯი. ამჟამად კი ახალი საქმე გამოიჩინა და უცბად გადაწყვიტა, რომ კალათბურთი შტატებში სათანადოდ არ შუქდება.
შეგახსენებთ, რომ ეი სმიტსა და ჯეიმსს შორის ურთიერთობა რამდენიმე კვირის წინ დაიძაბა, როდესაც პირველმა მათგანმა, ლებრონის შვილის, ბრონის ასპარეზობა გააკრიტიკა და მას NBA-სთვის მოუმწიფებელი კალათბურთელი უწოდა.