რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ოცდამეერთე საუკუნის რეკორდი - ლევანდოვსკიმ ტონის აჯობა

ასაკი რომ მხოლოდ ციფრებია, საფეხბურთო სამყაროში ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი რობერტ ლევანდოვსკია - „ბარსელონას“ 36 წლის პოლონელი ფორვარდი მთლად ძველებურად არა, მაგრამ იმდენად შედეგიანია, რომ სხვადასხვა რეკორდების დამყარებას განაგრძობს. გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჰანსი ფლიკმა „ბარსელონა“ – „ოსასუნას“ გუშინდელ შეხვედრაში ვეტერანი ფორვარდი თადარიგში დატოვა და ის მოედანზე მხოლოდ 68-ე წუთზე შეუშვა, თუმცა ეს ლევანდოვსკისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა და ზუსტად 9 წუთში, ფერმინ ლოპესის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რობერტისთვის ეს ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23-ე გოლი იყო და ბომბარდირთა დავაში უახლოეს მდევარ კილიან მბაპესთან სხვაობა 3 ბურთამდე გაზარდა. პოლონელი პირველი ფეხბურთელია ოცდამეერთე საუკუნეში ევროპის ტოპ ლიგებში, რომელმაც 36 წლის, ან უფრო ზევით ასაკში 23 გოლი გაიტანა. აქამდე რეკორდი ლუკა ტონის ეკუთვნოდა, რომელმაც 2013-2014 წლების სეზონში „ვერონაში“ თავი 22 ბურთით გამოიჩინა. მთლიანობაში კი უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევანდოვსკი „ბარსაში“ თავის საუკეთესო სეზონს ატარებს, რადგან ყველა ტურნირზე გამართულ 41 მატჩში მის ანგარიშზე უკვე 36 გოლი და 3 საგოლე პასია.

ცნობისათვის, რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსელონურ“ კარიერაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 136 შეხვედრაში 95 გოლი მიითვალა და კიდევ 5-ჯერ თავის გამოჩენის შემთხვევაში, ასიანთა კლუბის წევრი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე ტრავმა სეზონში - ბარსელონას ოლმო ისევ გამოაკლდა
მესამე ტრავმა სეზონში - ბარსელონას ოლმო ისევ გამოაკლდა