Bild: ბაიერნი ბარკოლას შეძენას გეგმავს
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი სანაკრებო პაუზამდე პსჟ „მარსელის“ მატჩს დაესწრო, სადაც როგორც გაირკვა ბრედლი ბარკოლას თამაშს აკვირდებოდა.
Bild-ის ცნობით, კომპანის ბარკოლას თამაში მოსწონს და მის ტრანსფერს განიხილავს. როგორც ჩანს, „ბაიერნიც“ მზადაა მწვრთნელის სურვილი დააკმაყოფილოს, თუმცა პარიზელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
კომპანი გნაბრის, სანესა და კომანის თამაშით უკმაყოფილოა და ფლანგზე ახალი შემტევის შეძენას გეგმავს. მიუხედავად გერმანელთა დიდი სურვილისა, ფრანგული გამოცემა maxifoot-ი წერს, რომ ბარკოლას ტრანსფერი ამ ეტაპზე ურთულესი ჩანს.
„კომპანი თავისი გარემარბების თამაშით უკმაყოფილოა და ბარკოლას უმიზნებს, რომელსაც თავისი გუნდისთვის იდეალურ ვარიანტად თვლის. მიუხედავად დიდი სურვილისა, მაინც რთულად წარმოსადგენია, რომ ლუის ენრიკემ თავისი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და თან ახალგაზრდა შემტევი ასე მარტივად დათმოს, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას ბოლოდროინდელი თამაში ბარკოლას ჩრდილში აქცევს“.
- წერს ფრანგული გამოცემა.
22 წლის ბარკოლას პარიზელებთან არსებული ხელშეკრულება 2028 წელს უსრულდება. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 48 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.