ისლამის დომინაციას ილია დაასრულებს - ქირია UFC-ის ინტრიგებზე
უკანასკნელ წლებში შერეული ორთაბრძოლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქართველი გულშემატკივრის სასიხარულოდ, ამ ეტაპზე UFC-ში ჩვენს ქვეყანას მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას სახით ორი ჩემპიონი ჰყავს და როგორც „მანქანა“, ასევე El Leyenda ყველა წონითი დივიზიონების გაერთიანებული რეიტინგის ხუთეულში შედის.
ახლა, როდესაც ყველა მსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ საოცარ კონკურენციაზე საუბრობს, რაც ილია თოფურიას გადაწყვეტილებამ ქვემსუბუქიდან ზედა წონაში ანაცვლების თაობაზე, კიდევ უფრო გაამყარა, ბუნებრივია პროფესიონალი მებრძოლების აზრი ყველასთვის საინტერესოა. მათ შორისაა ცნობილი ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია, რომელიც Crystalsport-ს თოფურია-მახაჩევის შესაძლო დაპირისპირებასა და ილიას უპირატესობებზე ესაუბრა.
დავით ქირია
ილია საოცრად ძლიერი სპორტსმენია, რომელიც შერეული ორთაბრძოლების აბსოლუტურად ყველა კომპონენტში პროგრესირებს და შეჩერებას არ აპირებს. იცით, რა უპირატესობა აქვს მას მახაჩევთან შედარებით? ისლამის პლუსები ყველამ ზეპირად ვიცით, ილიას კი არსენალში ძალიან ბევრი რამ აქვს შემონახული, რაც ჯერ ოქტაგონში არ გამოუყენებია.
დაღესტნელებს საკუთარ თავზე მუდამ ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ გრეპლინგში ვერავინ აჯობებთ, თუმცა ვფიქრობ, ამ მითის მსხვრევა მერაბ დვალიშვილმა დაიწყო, რომელმაც უმარ ნურმაგომედოვს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა.
როდის ჩაინიშნება ბრძოლა მახაჩევსა და თოფურიას შორის? როდესაც ეს ფინანსურად ყველაზე მომგებიანი იქნება. აქ ამ ყველაფერს მხოლოდ სპორტული ფაქტორები არ წყვეტს და კომერციულ მხარეს გვერდს ვერავინ აუვლის.
შეიძლება ქართველი რომ ვარ, სუბიექტური ვიყო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ თოფურიას მახაჩევი ვერ შეაჩერებს. ვაფასებ ისლამს, უძლიერესი მებრძოლია და ვიტყოდი იმას, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში მის გარდა, ილიასთან შანსი არც ერთ სპორტსმენს არ აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში დაღესტნელიც წაგებული დარჩება და მის დომინაციას თოფურია მოუღებს ბოლოს.
მახაჩევი ახლა დროის გაწელვას ცდილობს, რათა დუღილის ტემპერატურამ მოიმატოს და ასე ვთქვათ, მისი თოფურიასთან ჩხუბი უფრო კარგად გაიყიდოს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ილიამ პირველი ჩხუბი ამ დივიზიონში მასთან არ ჩაატაროს და სულაც ჯასტინ გეიჯის შეახვედრონ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ცოტა ხნის წინ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში აინაცვლა, სადაც პირდაპირ ტიტულზე ჩხუბსა და ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებას ითხოვს.