ვილანოვას კვალდაკვალ - ფლიკის გუნდის 135 გოლი 44 მატჩში
მართალია, ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით „ბარსელონამ“ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ტურნირი, ესპანეთის სუპერ თასი მოიგო, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ფორმაციის „ბლაუგრანა“ კლუბის ისტორიაში შევა იმ ფორმაციის გუნდად, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ქადაგებდა. ამაზე ერთი სტატისტიკური მონაცემიც კარგად მეტყველებს - გერმანელი სპეციალისტის მომზადებულმა „ბარსამ“ მიმდინარე სეზონში გამართულ 44 მატჩში 135 გოლი გაიტანა და გამანადგურებელი სხვაობით 19 შეხვედრა მოიგო.
ფლიკის გაწვრთნილმა „ასულგრანამ“ 44 თამაშიდან 35-ში გაიმარჯვა, რაც 75 პროცენტს შეადგენს და ამ მხრივ გერმანელი ტიტო ვილანოვას გაუთანაბრდა. თუმცა, ჰერ ჰანსი ასე თუ განაგრძობს, ამ მხრივ ერთპიროვნულ რეკორდსმენს, ლუის ენრიკესაც დაეწევა, რომელმაც კატალონიურ გრანდში მუშაობისას მატჩების 76,21 პროცენტი მოიგო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ბარსა“ 2025 წელს ჯერ არ დამარცხებულა და ზურგს 19-მატჩიანი (16 მოგება, 3 ფრე) წაუგებელი სერია უმაგრებს - უკანასკნელად „ბლაუგრანა“ 2024 წლის 21 დეკემბერს, საკუთარ სტადიონზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა.
ცნობისათვის, 28 ტურში დაგროვებული 63 ქულით „ბარსელონა“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „რეალს“ 3 ქულით უსწრებს.