უკან პირველი ბრუნდება და პრესინგში ერთვება | ენრიკე კვარამ გააკვირვა
ლიგა 1-ის მომდევნო ტურში პსჟ „სენტ-ეტიენს'' ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანელმა სპეციალისტმა ბევრ თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას დაცვაში კარგ თამაშს ეხებოდა.
ლუის ენრიკე კვარაზე: „ტექნიკური თვალსაზრისით მის თამაშში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, არ გავუკვირვებივარ. ჩვენ მას უკვე კარგად ვიცნობთ. მსოფლიო ფეხბურთის სცენაზე კარგად ცნობილია. გუნდის დაცვითი სამუშაოს შესრულებასთან სწრაფად ადაპტირდა, ამ მხრივ გამაკვირვა. ის პირველი ბრუნდება უკან და პრესინგში ერთვება’’.
ლუის ენრიკეს აზრით, ხვალინდელი მატჩი განსხვავებული იქნება: „ვფიქრობ, ხვალინდელი მატჩი ყველა სხვა შეხვედრისგან განსხვავებული იქნება, რადგან „სენტ-ეტიენი’’ დიდი ისტორიის მქონე კლუბია და სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება. ასე რომ, ეს ფაქტორი ჩვენი მოტივაციისთვის დიდი წყაროა.
ბევრს არ ვფიქრობ იმაზე, რომ ლიგა 1 მაქსიმალურად ადრე მოვიგოთ. ლიგა 1-ის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი. ჩვენ გვსურს კონკურენტუნარიანნი ვიყოთ სეზონის ბოლომდე, რადგან ჩვენ სხვა ტურნირებისთვისაც ვემზადებით.
ჩვენ არ ვართ ჩემპიონები ვიდრე ეს მათემატიკურად არ დამტკიცდება, მაგრამ მესმის, რომ არსებობს იმის შეგრძნება, რომ უკვე ჩემპიონები ვართ. ლიგა 1-ში საუკეთესო გუნდი ვართ და ეს სატურნირო ცხრილიდან ჩანს.
შესაძლოა, ზოგიერთ ფეხბურთელს მცირე სათამაშო დრო ჰქონდეს, თუმცა შემდეგ ზედიზედ სამ შეხვედრაში ითამაშოს. შანსი მიიღოს, გამოიყენოს და ამ გოლმა ტიტული მოგვიტანოს’’.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პსჟ 68 ქულით პირველზეა, 26-დან 21 მატჩი მოიგო, დაუმარცხებელია და მეორეადგილოსან „მარსელს’’ 19 ქულით უსწრებს. თუ 27-ე ტურში პსჟ სტუმრად „სენტ-ეტიენს’’ მოუგებს და „მარსელი’’ გასვლაზე „რეიმსთან’’ დამარცხდება, პსჟ საფრანგეთის ჩემპიონობას 7 ტურით ადრე გაინაღდებს.
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი’’ პსჟ-ს ხვალ მიიღებს, შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება.