მეექვსე ადგილი მოკლე პროგრამის შემდეგ | ნიკა ეგაძის გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე
აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს, მოკლე პროგრამა მამაკაცმა მოციგურავეებმა შეასრულეს და საქართველოს სახელით ნიკა ეგაძემ იასპარეზა.
ქართველმა მოციგურავემ 90.39 ქულა დააგროვა და საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. ნიკამ ტექნიკურ ელემენტებში 51.61 ქულა დაიმსახურა, ხოლო პრეზენტაციასი 38.78 ქულა მიიღო. ეგაძე მეექვსე ადგილზე იმყოფება და მედლისთვის იბრძოლებს.
მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილზე ილია მალინინი იმყოფება, რომელმაც 110.41 ქულა დააგროვა. მეორე პოზიცია იაპონელმა იუმა კაგიიამამ დაისაკუთრა, მის ანგარიშზე 107.09 ქულაა, მესამე პოზიციაზე მყოფ მიხაილ შაიდოროვს კი 94.77 ქულა აქვს.
ცნობისთვის, ხვალ რიტმული ცეკვების მოკლე პროგრამას ვიხილავთ, ქალბატონები კი თავისუფალი პროგრამით ისრიალებენ და მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა.