„ფეხზე დისკომფორტი აქვს, მას უნდა გავუფრთხილდეთ“ - კალერო ქოჩორაშვილზე
გიორგი ქოჩორაშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ „ლევანტეში“ დაბრუნდა და შესაძლოა ლა ლიგა 2-ის 33-ე ტური გამოტოვოს. ამის მიზეზი მცირე დაზიანებაა.
ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხულიენ კალერომ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე პრესასთან ისაუბრა და ქოჩორაშვილის ტრავმა აღნიშნა, რომელიც არც ისე სერიოზულია, მაგრამ საფრთხილო.
„ქოჩორაშვილი გუნდს კარგად დაუბრუნდა, ცოტათი დაღლილია და ფეხზე დისკომფორტიც აქვს, თუმცა საგანგაშო არაფერია. მან ბევრი კილომეტრი გაიარა, რაც მარტივი არ არის. პირველ რიგში მას უნდა გავუფრთხილდეთ და არ გავრისკოთ.
გუნდის საჭიროებიდან გამომდინარე მისი ფიზიკური მდგომარეობა შეფასდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. პრინციპში ვფიქრობ, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება.
ჩემპიონატის დასრულებამდე 10 მატჩი რჩება, 10 ფინალი, თუმცა ახლა ფოკუსირება ალმერიაზე უნდა მოვახდინოთ“.
„ლევანტე“ „ალმერიას“ შაბათს 29 მარტს (23:55) ესტუმრება. ქოჩორაშვილის გუნდი 32 ტურის შემდეგ ლა ლიგა 2-ს 59 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. ვალენსიელებმა ბოლო 5 ტურიდან ხუთივე მოიგეს.
რაც შეეხება „ქოჩორას“, მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.