ფლიკი: წუწუნს არ ვაპირებთ, რეალი არ ვართ, საბედნიეროდ ბარსა ვართ
ჰანსი ფლიკმა პრესასთან ისაუბრა და მჭიდრო კალენდრის პრობლემას შეეხო, რომელზეც ყველაზე მეტად მადრიდის „რეალი“ წუწუნებს. რაც შეეხება „ბარსას“, ლა ლიგამ კატალონიელებს „ოსასუნასთან“ გადადებული მატჩი ისეთ დროს ჩაუნიშნა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.
დამღლელი სანაკრებო პაუზის შემდეგ, „ბლაუგრანა“ 27 და 30 მარტს ორ შეხვედრას გამართავს, შემდეგ კი სამ დღეში, ანუ 2 აპრილს, სამეფო თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში მადრიდში „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. ფლიკი ამ ყველაფერს ფეხბურთელებისთვის საშიშად მიიჩნევს და დიდ რისკებს ხედავს, თუმცა წუწუნს არ აპირებს.
„კალენდრით რეალიც უკმაყოფილოა? ჩვენ რეალი არ ვართ, ბარსა ვართ და ძალიან ვამაყობ, რომ ასეა. კალენდარზე წუწუნს არ ვაპირებ, ეს რატომ უნდა გავაკეთო?
გვქონია მატჩები, როცა ყველა მოთამაშემ ნაკრებში სათამაშო დრო მიიღო, შემდეგ კი კლუბში ასპარეზობა მალევე მოუწიათ. ახლაც ასეა. ოსასუნასთან შეხვედრა სწორ დროს ჩაინიშნა? არ ვიცი, შესაძლოა ასეც არის.
სხვა ლიგებში სიტუაცია სრულიად განსხვავებულია - ისინი ცდილობენ თავიანთი გუნდები დაიცვან. მაგრამ მე ვერაფერს შევცვლი, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს მხოლოდ ჩემი აზრია.
მაგრამ ჩვენ არ ვეძებთ საბაბს. გუნდი მზადაა, ჩვენი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ. მოედანზე ყველაფერს ნახავთ. ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი სათამაშო ხარისხი და შეგვიძლია მეტოქე დავამარცხოთ, დანაკლისის ან რომელიმე ლიდერის ფორმაში არ ყოფნის მიუხედავად.
აღარ მინდა ამაზე საუბარი. თქვენ უბრალოდ სიტუაციას უნდა შეეგუოთ. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ვერ შევცვლით. გვითხრეს ვითამაშოთ, ასე რომ ვთამაშობთ. იქნებ უეფა ან ფიფა დაფიქრდეს იმაზე, რომ ფეხბურთელს მინიმუმ ორი დღე დასვენება სჭირდება. ალბათ ამ საკითხს მათ უნდა გადახედონ",
- განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ლა ლიგამ კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასთან“ მატჩის წინ ელემენტარული თხოვნა არ დაუკმაყოფილა და საპასუხოდ მკაცრად მოექცა. ლისაბონელებმა ჩემპიონატში მთელი კვირით დაისვენეს, „ბარსას“ კი შეხვედრა შაბათს ჰქონდა, კლუბს პარასკევს თამაში უნდოდა, თუმცა ხავიერ ტებასმა (ლა ლიგის პრეზიდენტი) „ბლაუგრანას“ თამაში კვირას გადაიტანა და მათ დასვენებისთვის კიდევ უფრო ცოტა დრო მისცა.