„ძალიან რთული ჯგუფია“ | შერმადინმა ევრობასკეტის წილისყრაზე ისაუბრა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი 2025 წლის ევრობასკეტის წილისყრას გამოეხმაურა. „შერმინატორის“ თქმით, საქართველოს ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ ბრძოლა ყველა მეტოქესთან შეიძლება.
„საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ იასპარეზებს, რაც ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. დღეს, ჩატარდა წილისყრა და ჩვენი ნაკრები ითამაშებს კვიპროსში, სადაც საქართველოს გარდა, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი და ბოსნია და ჰერცეგოვინა იქნებიან.
ძალიან რთული ჯგუფია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველასთან შეიძლება მოგება. მჯერა, ფედერაციისა და მწვრთნელების დახმარებით, კარგ მოსამზადებელ პერიოდს გავივლით და ტურნირს მაქსიმალური მზადყოფნით შევხვდებით. ჩვენი ვარსკვლავები, რომლებიც შესარჩევ ეტაპზე ვერ გვეხმარებოდნენ, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, ევრობასკეტზე ითამაშებენ.
პირადად მე, მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ეს ევროპის ჩემპიონატი წარმატებული იყოს. ვიტყვი, რომ ეს თამაშები ჩემთვის ეროვნული ნაკრების მაისურით ბოლო იქნება და იმედია, ყველანი გახარებულნი ვიქნებით ამ ტურნირით“.
ცნობისთვის, ჯგუფიდან 4 ნაკრები გადის და პლეიოფში ერთვება, რომელიც 6-7 სექტემბერს დაიწყება.