„ბევრ სისულელეს ამბობს“ | რა თქვა ოლივეირამ თოფურიას განცხადებებზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიას მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა. „დუ ბრონქსმა“ ინტერვიუ არიელ ჰელვანის მისცა და განაცხადა, რომ „ლა ლეიენდა“ ბევრ სისულელეს ამბობს.
„თოფურიას სიტყვებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. 15 წელია UFC-ში ვიმყოფები და ყველას პატივს ვცემ. ჩემი ისტორია დაწერილია და მისი ნახვა ყველას შეუძლია. ილია ქვემსუბუქი წონიდან ამოვიდა და იქ ჩემპიონი იყო, მაგრამ ძალა ჩემს მხარესაა. ამ მომენტისთვის, ტიტულზე ვარ ორიენტირებული და საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება მინდა.
თოფურია უბრალოდ ცდილობს, ჩემთან ჩხუბი მიიღოს და ბევრ სისულელეს ამბობს. მის ჩხუბებსა და სტილს პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან უპატივცემულოდ იქცევა და ამბობს ბევრ ისეთ რაღაცას, რასაც არ უნდა ამბობდეს. მეწყინება თუ არა თოფურიამ ჩემზე ადრე რომ იჩხუბოს ქამრისთვის? თუ ილიას სატიტულო ბრძოლას ჩემზე ადრე მისცემენ, დაე, ასე იყოს. ჩხუბს გავაგრძელებ, მოვემზადები და ჩემს ჯერს დაველოდები“.
ცნობისთვის, ოლივეირამ ბოლო ორთაბრძოლა მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. მანამდე, „დუ ბრონქსი“ არმან ცარუკიანთან დამარცხდა. თოფურიას რაც შეეხება, მან ოლივეირაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას ცოტა კულტურა აქვს და გაზეთის ერთი გვერდიც არ წაუკითხავს.