საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ბორჯღალოსნები | 5 ივლისს, ირლანდიასთან „მიხეილ მესხზე“

ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები თბილისში, ირლანდიასთან ჯახით 5 ივლისს გახსნიან. ტიერ1-ის მესამე გუნდს (შოტლანდიის და იტალიის შემდეგ), რომელიც საქართველოში ჩამოვა, მასპინძლებს „მიხეილ მესხზე“, 21 საათზე, შეერკინება.

ზაფხულში რიჩარდ ქოქრილის შეგირდებს ორი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით. ირლანდიელებთან ჯახის შემდეგ ისინი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ „ტოიოტა ჩიტასს“ ეთამაშებიან, 19-ში კი ნელსპრუიტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინაშე „მბომბელას“ სტადიონზე წარდგებიან.

ირლანდიელებთან აქამდე 5-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით მეტოქე სრულ უპირატესობას ფლობს. „სამყურებს“ პირველად 1998 წელს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ მეტოქემ დუბლინში 70:0 იმარჯვა.

4 წლის შემდეგ ირლანდიამ კვლავ დუბლინში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 63:14 მოიგო. 2007 წლის მსოფლიო თასზე მეტოქესთან ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ. ირლანდიელებმა დიდი ძალისხმევით 14:10 მოიგეს და ამ შეხვედრაში საქართველომ მსოფლიო თასზე პირველი (ნუგეშ)-ქულა მოიპოვა.

მას შემდეგ ირლანდიას დუბლინში კიდევ ორჯერ ვეთამაშეთ. 2014 წელს მასპინძლებმა ტესტ-მატჩში 49:7 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი 23:10 მოიგეს.

„ირლანდიასთან ტესტის ოფიციალურად დადასტურება ძალიან კარგი სიახლეა. წელს საუკეთესო ზაფხულის ტესტები გველის - 2 ყველაზე ძლიერ გუნდთან, რაც სარაგბო ერების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“ - განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.

ირლანდია ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებულია. ბოლო ორი ტიტული მან 2023 და 2024 წლებში შემართა, წელს კი პირველობა საფრანგეთს დაუთმო. მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგში ის ევროპულ გუნდებს შორის საუკეთესო, მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, მეორეზე კი ახალი ზელანდია.

წყარო: Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18 წ. | საფრანგეთისა და ექვსი ერისთვის მზადება გრძელდება
18 წ. | საფრანგეთისა და ექვსი ერისთვის მზადება გრძელდება