„ხვიჩა ნაპოლისგან ასეთ მოქცევას არ იმსახურებდა“ - გახოკიძემ კვარას და ნაკრების თამაში შეაფასა
„პარი სენ-ჟერმენში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ - სადაც პატივს გცემენ, იქ ბედნიერი ხარ და ცდილობ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინო“ - ეს სიტყვები ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო - სომხეთის მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა და ასევე დაამატა, რომ ლუის ენრიკესგან ძალიან ბევრს სწავლობს და მისნაირი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაში განვითარებაში კიდევ უფრო მეტად ეხმარება.
კვარაცხელია რომ უკეთეს განწყობაზეა, ეს მის ასპარეზობაშიც კარგად შეინიშნება - საკლუბო წარმატებებს ხვიჩამ სანაკრებო დონეზე გაბრწყინებაც თან დაურთო, სომხებთან საშინაო მატჩში გოლის გატანასთან ერთად, საგოლე გადაცემაც შეასრულა და შეხვედრის MVP გახდა. ვეტერან ქართველ ფეხბურთელთან, გოგა გახოკიძესთან ინტერვიუ პირველ რიგში ხვიჩაზე საუბრით დავიწყეთ, რის შემდეგაც ნაკრების ყოფილმა წევრმა Crystalsport-ს სხვა თემებთან დაკავშირებითაც გაუზიარა საკუთარი საფეხბურთო შთაბეჭდილებები.
გოგა გახოკიძე
რა თქმა უნდა, ხვიჩა „პარი სენ-ჟერმენში“ ბედნიერია და მისი განწყობა მეც, როგორც კვარას და ქართული ფეხბურთის რიგით გულშემატკივარს, ძალიან მახარებს. თამაშობს ისე, თითქოს 35 წლის ფეხბურთელი იყოს და დიდი გზა ჰქონდეს გავლილი.
არ დაგავიწყდეთ, როგორი სირთულეების გამოვლა მოუწია ხვიჩას - „ნაპოლისგან“ ის ასეთ მოქცევას ნამდვილად არ იმსახურებდა. არ მესმის ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელების. ისინი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს წლების განმავლობაში სასაცილო ხელფასს უხდიდნენ, სათანადოდ არ დააფასეს და ახლა აქეთ აქვთ პრეტენზიები, რის გამოც ვთვლი, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლით კვარამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ალბათ, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ სომხებთან შეხვედრებში საქართველოს ნაკრების გამოსვლა ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით თბილისურ მატჩში, როდესაც დროის მცირე მონაკვეთში ბიჭებმა შეძლეს და 5-ბურთიანი უპირატესობა შეიქმნეს. თამაშის დამთავრების შემდეგ ის ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, ბოლომდე ბედნიერები ვიქნებოდით.
მეც დამწყდა გული, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში Crystalbet ლიგიდან არც ერთი ფეხბურთელი არ იყო გამოძახებული, თუმცა ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჯერჯერობით ვერსად გავექცევით. ერთ რამეს კი დანამდვილებით ვიტყვი - ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრები უკეთეს შიდა ჩემპიონატს იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ გოგა გახოკიძემ კარიერის მანძილზე საქართველოს ნაკრებში გამართულ 21 მატჩში (14-ჯერ სასტარტოში დაიწყო) თავი 3 გოლით გამოიჩინა.