„სასტარტოში უფრო დიდი დრო უნდა მიეცეს“ - ლიონის ექს-ფეხბურთელებმა მიქაუტაძეზე ისაუბრეს
საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ ქართველი შემტევის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ „ლიონის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა, ენცო რეამ და ნიკოლას პუდებუამ ისაუბრეს.
ვეტერან ფეხბურთელებს „ლიონთან“ დაახლოებულმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ ვინ უნდა ითამაშოს ლიგა 1-ის მომდევნო ტურში, „სტრასბურგის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობიდან - ალექსანდრ ლაკაზეტმა თუ გიორგი მიქაუტაძემ. საგულისხმოა, რომ ორივე მათგანმა ქართველი ფეხბურთელი აირჩია.
ენცო რეა:
„ვფიქრობ, მიქაუტაძემ სასტარტო შემადგენლობაში უფრო ხშირად უნდა ითამაშოს, ის კრიტიკულ სიტუაციებში ძალიან გვჭირდება. მისგან ყოველთვის ველით, რომ ბურთს ზურგით მიიღებს, შემოტრიალდება და გოლს გაიტანს“.
ნიკოლას პუდებუა:
„ამჟამინდელი ფორმიდან და ეფექტურობიდან გამომდინარე, ულაპარაკოდ მიქაუტაძეს ავირჩევდი. ეს ბიჭი ძალიან კარგად თამაშობს და მოედანზე ყოველთვის რაღაცას ველით. როდესაც გუნდში ასეთი პერსპექტიული ფეხბურთელი გყავს, სათადარიგოზე არ უნდა დატოვო“.
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 37 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა ქართველ შემტევს გამორჩეულად კარგი პერიოდი ბოლო კვირებში აქვს, სადაც 5 ჩატარებულ მატჩში 7 გოლი გაიტანა. ეს სტატისტიკა ეხება საქართველოს ნაკრებსაც.