ქართველი ტანვარჯიშის ევროპის ფედერაციაში - ბედოშვილი პრეზიდენტად აირჩიეს
ქართული ტანვარჯიშის კიდევ ერთი დიდი აღიარება - ელისო ბედოშვილი ევროპის ტანვარჯიშის ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. სპეციალური სხდომა გუშინ გაიმართა და ქართველ არბიტრს ნდობა დელეგატების უმრავლესობამ გამოუცხადა. ბედოშვილი კარიერის დასრულების შემდეგ მსაჯის ფუნქციებს ითავსებდა და საერთაშორისო კატეგორიის სტატუსიც მიენიჭა.
უკანასკნელ პერიოდში როგორც მხატვრულ, ასევე სპორტულ ტანვარჯიშში ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე სერიოზულ წარმატებას აღწევენ. ამას თან დაერთო ბედოშვილისა და რუსუდან ხოფერიას უმაღლეს დონეზე მსაჯობა საერთაშორისო შეჯიბრებებში, რამაც ქართული ტანვარჯიშის რეპუტაცია გვარიანად აამაღლა და შედეგიც სახეზეა - ევროპის ფედერაციას სათავეში ქართველი ხელმძღვანელი ჩაუდგა.
ელისო ბედოშვილი ჯგუფურ ვარჯიშში მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელია და ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, ამჟამად საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობს, იმსაჯა ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე. 2018 წელს კი სპორტის სამინისტრომ ის წლის საუკეთესო ქართველ არბიტრად დაასახელა.