„ზაფხულში უოტფორდს დატოვებს“ - FLW ჩაკვეტაძეზე
Football League World-ის ექსპერტის, ჯასტინ ბიტის აზრით, გიორგი ჩაკვეტაძე ზაფხულში „უოტფორდს“ დატოვებს და კარიერას უფრო ძლიერ კლუბში გააგრძელებს.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით ტომ ქლევერლის გუნდს ნახევარმცველი იმრან ლუზაც დატოვებს, რომელიც 2021 წელს „უოტფორდში“ გადასვლის შემდეგ თავის საუკეთესო სეზონს ატარებს.
რას ამბობს ბიტი:
„გამიკვირდება, თუ ჩაკვეტაძე მომდევნო სეზონში „უოტფორდში“ დარჩება. ვიცი, რომ მისით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. ჩაკვეტაძეს სამართლიანად უწოდებენ „ონავრების“ საუკეთესო ფეხბურთელს და მან დაამტკიცა, რომ შეტევაში სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია.
მის თამაშში რამდენიმე ასპექტია დასახვეწი - შეტევის დაგვირგვინება და ბოლო პასი, მაგრამ ახლა ეს ყველაფერიც რომ ჰქონოდა, „უოტფორდში“ არ ითამაშებდა. ამიტომ, ვფიქრობ, გიორგი ჩაკვეტაძე ზაფხულში გაიყიდება“.
შეგახსენებთ, რომ „უოტფორდის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩაკვემ 39 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 2 გოლი და 7 ასისტია.
აქვე გეტყვით, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „უოტფორდთან“ კონტრაქტი გასული წლის შემოდგომაზე გაახანგრძლივა. Transfermarkt-ის შეფასებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროა.