„მგონია, რომ წონის შესახებ იტყუება“ - რას ამბობს ჩენდლერი თოფურიაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაიკლ ჩენდლერმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. ამერიკელმა მებრძოლმა ყურადღება თოფურიას მწვრთნელის, ხორხე კლიმენტის სიტყვებზე გაამახვილა, რის მიხედვითაც ამბობდა, რომ ილიას ბრძოლის წინ 50 ფუნტის დაკლება უწევდა და წონის შეცვლაც სწორედ ამის გამო გადაწყვიტა.
რას ამბობს ჩენდლერი ამის შესახებ:
„ვფიქრობ, წონასთან დაკავშირებით ის იტყუება. არ მგონია, რომ თოფურია 190 ფუნტს იწონიდეს. ეს ბიჭი ახლოდან მყავს ნანახი, მის გვერდით ვიდექი და ვისაუბრეთ კიდეც, მაგრამ ამ წონის ბიჭს ნამდვილად არ ჰგავდა“.
ამის შემდეგ ჩენდლერმა მსუბუქ წონაში თოფურიას პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევთან ბრძოლამდე მსუბუქ წონაში ჯერ სხვა მებრძოლთან უნდა იჩხუბოს.
„ვფიქრობ, ყველაზე სამართლიანი იქნება თუ ის პირველ რიგში საუკეთესო ხუთეულში მყოფ ბიჭს ეჩხუბება, გამარჯვების შემთხვევაში კი სატიტულო ბრძოლას დაიმსახურებს. მაგრამ UFC ყოველთვის იმას აკეთებს, რაც ორგანიზაციას სურს და ცდილობენ, გამუდმებით დიდი ბრძოლები ჩაატარონ, თოფურიასა და ისლამის ჩხუბი კი ერთ-ერთი მათგანი იქნება“.
ილია თოფურიამ რამდენიმე კვირის წინ ქვემუსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში ასვლა გადაწყვიტა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. ჯერჯერობით, უცნობია, ვის შეხვდება ქართველი მებრძოლი. რამდენიმე დღის წინ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თოფურიას მეტოქე უახლოეს ორ კვირაში უნდა გაირკვეს.