„მაიკლს ლოდინი მოუწევს“ - ლებრონი ბრაიანტსა და ჯორდანზე
ლებრონ ჯეიმსის საზოგადოებაში გამოჩენა და სხვადასხვა გამოცემებისთვის მიცემული ინტერვიუების მოსმენა თუ წაკითხვა ყოველთვის საინტერესოა. „ლეიკერსის“ ლიდერი არ ერიდება ისეთ თემებზე საუბარს, რაზეც ლაპარაკისგან სხვა კალათბურთელები მაქსიმალურად თავს იკავებენ. ჯეიმსი რამდენიმე დღის წინ სტუმრად პეტ მაკაფის შოუში იმყოფებოდა და ყველაზე საინტერესო მომენტი მაშინ დადგა, როდესაც წამყვანმა ლეგენდას კობი ბრაიანტთან და მაიკლ ჯორდანთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა.
რას ამბობს ლებრონი
მაიკლ ჯორდანთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ჩვენ არცთუ ხშირად გვისაუბრია. ეს ალბათ უფრო მეტად იმის ბრალია, რომ მისგან განსხვავებით მე ჯერ კიდევ კალათბურთს ვთამაშობ და საკუთარ საქმეზე ვარ კონცენტრირებული.
ჯორდანს ყველა კარგად იცნობს და ვინც არ იცნობს, იმას მშვენივრად მოეხსენება, რომ მაიკლი დაუნდობელი მებრძოლია. სანამ კარიერას არ დავასრულებ, მას მოუწევს „ლეიკერსის“ მატჩების ყურებისას, პარკეტზე მორბენალი 23-ე ნომრისთვის თვალყურის მიდევნება და სხვადასხვა თემებზე ფიქრი.
რაც შეეხება კობის - ბრაიანტი ახლოს პირველად ამერიკის ოლიმპიურ ნაკრებში გავიცანი. 2008 და 2012 წლებში ჩვენ დიდი გუნდი გვყავდა, სადაც დიდი კონკურენცია სუფევდა. როდესაც „ლეიკერსში“ მივედი, ხოლო ბრაიანტმა კარიერა დაასრულა, კიდევ უფრო ახლო მეგობრები გავხდით. არ დამავიწყდება კობის ზარი, როდესაც მან მითხრა, რომ ერთ დიდ ოჯახში მოვხვდი და თუ რაიმე სახის დახმარება დამჭირდებოდა, ნებისმიერ დროს მისთვის დამერეკა.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსის“ შემადგენლობაში საშუალოდ 24.7 ქულას, 8.2 მოხსნასა და 8.4 ასისტს აგროვებს, ლოს-ანჯელესის კლუბი კი, 44 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.