The Independent: საერთაშორისო ტურნირებში რუსეთის დაბრუნებაზე მუშაობა მიდის
„მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო ტურნირებში რუსეთის დაბრუნებაზე“ - ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემა The Independent-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უეფას კონგრესზე, რომელიც მომდევნო კვირაში ბელგრადში გაიმართება, დღის წესრიგი შეიძლება საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდეს.
„არსებობენ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც რუსეთს საერთაშორისო ტურნირებში ხვალვე დააბრუნებდნენ. გარდა ამისა, რუსეთის გარიცხვამ შექმნა პრეცედენტი, რომლის გამოყენებასაც ახლა სხვები ცდილობენ, რაც უეფასა და ფიფასთვის დამატებით პრობლემებს ქმნის.
კერძოდ, პალესტინის ფეხბურთის ასოციაცია ისრაელის საერთაშორისო ტურნირებიდან ისრაელის ჩამოშორებას ითხოვს და ამას მხარს უჭერს აზიის ფეხბურთის კონფედერაციაც. პალესტინური მხარის არგუმენტები ასეთია: ომს სულ მცირე 92 პალესტინელი ფეხბურთელი ემსხვერპლა, განადგურებულია საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, არ ტარდება შიდა ჩემპიონატები, ნაკრები კი მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩებს საზღვარგარეთ ატარებს“.
გამოცემა ასევე წერს, რომ ფიფას და უეფას რუსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მორალური მიდგომების გამო არ მიუღიათ.
„ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ სულ მცირე 12-მა ევროპულმა ასოციაციამ რუსეთთან თამაშზე უარი თქვა და ეს რიცხვი შესაძლოა 18-მდე გაზრდილიყო. ომის დაწყებიდან მალევე ერთ-ერთ ქვეყანას, პოლონეთს რუსეთთან პლეიოფის მატჩების გამართვა უწევდა, ფიფა კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. თამაშზე უარის თქმა დისკვალიფიკაციას იწვევს, ამიტომ ფიფა/უეფას ან რუსეთი, ან 12 ქვეყანა უნდა გაერიცხათ, ამიტომ ფეხბურთის მმართველებმა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად ფიფა ასეთი მწვავე კრიზისის წინაშე არ დგას, ვინაიდან ისრაელი 1994 წლიდან უეფას წევრია. ზოგადად, ორგანიზაციები ერიდებიან პოლიტიკური მიზეზებით ნაკრებების/გუნდების გარიცხვას, ვინაიდან ისინი შიშობენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ ყველა გლობალური კონფლიქტის დეტალებში ჩაძიება მოუწევთ.
ფიფა/უეფაში მიაჩნიათ, რომ ეროვნული ნაკრებები თავიანთი სახელმწიფოებისგან განცალკევებულად უნდა განიხილებოდნენ, სპორტი კი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს. ამის არგუმენტად ხშირად მოჰყავთ ირანის მაგალითი, რომლის ფეხბურთელებმაც 2022 წლის მუნდიალზე საკუთარი მთავრობის მიმართ პროტესტის ნიშნად ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს“.
რაც შეეხება რუსეთის შესაძლო დაბრუნებას, The Independent-ი წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის გარეშე ეს არ მოხდება, თუმცა კულუარებში მოვლენების ამ სცენარით განვითარებისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
„რუსეთთან ურთიერთობების „ნორმალიზაცია“ სწორედ სპორტის დარგში დაიწყება. სავარაუდოდ, ამ მხრივ პირველ ნაბიჯს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადადგამს, შემდეგ კი ჰოკეისა და ფეხბურთის მმართველი ორგანოების ჯერიც დადგება“.