ასპინალმა დვალიშვილი შეაქო | „წარმოუდგენელია, ის შეუჩერებლად მიდის წინ“
UFC-ის მძიმე წონის დროებითი ჩემპიონი ტომ ასპინალი ლოგან პოლის პოდკასტს ესტუმრა, სადაც შერეულ ორთაბრძოლებზე, მათ შორის UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველ ჩემპიონზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
ტომ ასპინალი:
ჩვენ პროფესიონალი სპორტსმენები ვართ, ამიტომ გულის სიღრმეში ყველას გვესმის, რომ ჩხუბის ნებისმიერ წამს შეიძლება დავმარცხდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია მძიმე წონით კატეგორიაზე. ჩემი აზრით, შერეული ორთაბრძოლები სწორედ ამიტომ იზიდავს ამდენ ხალხს: შენ შეგიძლია წააგო, გააუმჯობესო სუსტი კომპონენტები, დაუბრუნდე ძველ პოზიციებს და ისევ იჩხუბო.
ლოგან პოლი: როდესაც მეტოქე შენს სუსტ მხარეებს ააშკარავებს, ეს ძალიან სასარგებლოა. ასე მოხდა ომალისა და დვალიშვილის შემთხვევაში. ახლა „შუგამ“ იცის, რომ თეიქდაუნებისგან დაცვაზე მეტი უნდა იმუშაოს.
ტომ ასპინალი:
შონ ომალი სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია, მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ შერეულ ორთაბრძოლებზე ფიქრობს. არ ვიცი, ექნება თუ არა მას შანსი რემატჩის შემთხვევაში, იმიტომ რომ მერაბის კარდიო უბრალოდ წარმოუდგენელია. ის, თუ როგორ ჩხუბობდა დვალიშვილი ნურმაგომედოვთან - ასეთი რამ არასოდეს მინახავს, ის უბრალოდ შეუჩერებლად მიდის წინ - საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ომალის დაპირისპირება გასული წლის 15 სექტემბერს გაიმართა - „მანქანამ“ „შუგა“ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი ეს ტიტული მიმდინარე წლის იანვარში, უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბში დაიცვა.
დიდი ალბათობით, დვალიშვილის შემდეგი მეტოქე სწორედ შონ ომალი იქნება, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.