კიტეიშვილი: აღუწერელია ის ემოცია, რასაც ჰიმნის მოსმენისას განვიცდი
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ოთარ კიტეიშვილს დღეს 29 წელი შეუსრულდა. გრაცის „შტურმმა“ მას იუბილე მიულოცა და კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა მასთან ინტერვიუც ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრეს.
შტურმის შესახებ:
„როცა აქ მოვედი, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენ ხანს დავრჩებოდი. ამაყი ვარ, რომ ახლა შავ-თეთრი მაისურით დაბადების დღეს მეშვიდედ აღვნიშნავ. ეს გუნდი ჩემთვის კლუბზე მეტია, ოჯახივით არის. ბოლო წლებში ბევრი ჩავარდნა და აღმასვლა მქონდა. ტრავმებს ვებრძოდი, შემდეგ დიდი კარიერული წარმატებები იყო. გასულ სეზონში დუბლის მოგება დაუვიწყარი იყო, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ახდენილი ოცნება. ძალიან ვაფასებ იმას, რასაც კლუბისგან და გულშემატკივრისგან ვგრძნობ“.
საქართველოს ნაკრების შესახებ:
„ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში ყოველთვის დიდი პატივია. აღუწერელია ის გრძნობა, რასაც ჰიმნის მოსმენის დროს განვიცდი. ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი და მეგობრები მენატრება, ქართული სამზარეულო და მშობლიური ქალაქი“.
შტურმი და მიმდინარე სეზონის მიზნები:
„გადამწყვეტი ეტაპი იწყება და ჩვენ კარგ პოზიციაში ვართ. ჩვენი პოზიციები უნდა შევინარჩუნოთ და პოტენციალი გამოვავლინოთ, შემდეგ საჩემპიონო ჯგუფში ყველაფერი შესაძლებელი იქნება. მიზანი ჩემპიონობაა და მსურს გუნდს ყველაფრით დავეხმარო. ჩემი მთავარი მიზანი ტრავმების არიდება და კარგ ფორმაში ყოფნაა. მინდა სტაბილურად ხანგრძლივად კარგად ვითამაშო და გუნდს გამოვადგე“.
კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ რიგებში ყველა ტურნირზე 34 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. გრაცელები საჩემპიონო ჯგუფს 23 ქულით ლიდერობენ.