ვეტორის განცხადებით, შარა ბულეტის გამოწვევა მიიღო
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის იტალიელმა მებრძოლმა, მარვინ ვეტორიმ განაცხადა, რომ შარაბუდტინ მაგომედოვის გამოწვევა მიიღო.
„შარა, ვიღებ შეთავაზებას“, - დაწერა ვეტორიმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „შარა ბულეტმა“ მანამდე რომან დოლიძე გამოიწვია და მასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა, რაზეც ქართველმა მებრძოლმა უარი თქვა.
„ამ მომენტისთვის, შარასთან ჩხუბით დაინტერესებული არ ვარ. ის ტოპ 15-ში საერთოდ არ იმყოფება. ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე, შარა! მოგებები დაიწყე და შეიძლება, ერთმანეთს ოქტაგონზე შევხვდეთ“, - აღნიშნა დოლიძემ.
მაგომედოვმა ბოლო ჩხუბი თებერვალში გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით, მაიკლ პეიჯთან დამარცხდა.
რაც შეეხება, ვეტორის, ის მარტში რომან დოლიძესთან დამარცხდა.