საქველმოქმედო მიზნებისთვის | კიტეიშვილის მაისური აუქციონზე გაიყიდება
ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ლასკს“ დაუპირისპირდა. გრაცელებმა 4:2 იმარჯვეს, რაშიც წვლილი ქართველმა ფეხბურთელმაც შეიტანა და 50-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით, ანგარიში 2:0 გახადა.
„შტურმის“ გულშემატკივრებს შანსი აქვთ, მაისური, რომელიც „კიტეს“ „ლასკთან“ მატჩში ეცვა, დაისაკუთრონ. გრაცელებმა გადაწყვიტეს, მისი სათამაშო ფორმა აუქციონზე გაიტანონ და მიღებული თანხა კლუბის საქველმოქმედო ინიციატივას, STURM HILFT-ს მოხმარდება.
„ოთარ კიტეშვილი, მიმდინარე სეზონში, შტურმის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. 28 წლის ფეხბურთელს 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე, კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია. ლასკთან მატჩში, მან 86 წუთი ითამაშა და აუქციონზე გაგვაქვს მისი 10-ნომრიანი მაისური, მიღებული თანხა კი STURM HILFT-ს გადაეცემა. მაისურს მოჰყვება ავთენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სურვილის შემთხვევაში, ოთარი ხელს მოაწერს და მას პირადად გადასცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ავსტრიის ჩემპიონატში, საჩემპიონო ჯგუფის მატჩები იწყება და 23 ქულის მქონე „შტურმი“ მომდევნო შეხვედრას 30 მარტს გამართავს. კიტეიშვილის გუნდი სტუმრად „ვოლფსბერგერს“ დაუპირისპირდება.