საქართველოს ნაკრებმა თბილისში ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა ჩვენი გუნდის ერთი მეტოქის ვინაობა. 5 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდი საკუთარ მოედანზე ფარერების კუნძულებს დაუპირისპირდება.
ამ ამხანაგურ შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ფარერების კუნძულების ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა, თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფორმაციას ჯერჯერობით, არ ადასტურებს.
ჯერჯერობით, უცნობია ჩვენი გუნდის მეორე მეტოქის ვინაობაც. ჩვენს გუნდს ივნისში ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი არ აქვს, რის გამოც საქართველოს ნაკრებს 2-10 ივნისის შუალედში ორი ამხანაგური მატჩის გამართვა მოუწევს, რაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი თამაშები იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თურქეთის, ბულგარეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდი პირველ მატჩს 4 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე თურქეთის ნაკრებთან გამართავს.