Record: ქოჩორაშვილს სპორტინგის ვარიანტი მოსწონს
წამყვანი პორტუგალიური გამოცემა Record-ი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს.
გამოცემის ცნობით, 2025/26 წლების სეზონისთვის ლისაბონის „სპორტინგი“ ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ამ მხრივ „ლომების“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ „ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველია.
Record-ი წერს, რომ ქოჩორას საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ იანვარში გაიმართა, ვიდრე უგო ვიანა „სპორტინგის“ სპორტული დირექტორის თანამდებობას დატოვებდა, და ეს მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდა.
გამოცემის მტკიცებით, ქართველ ფეხბურთელს „სპორტინგში“ გადასვლის შესაძლებლობა ხიბლავს, ვინაიდან მას სურს, მომდევნო სეზონში უფრო ძლიერ კლუბში და ლიგაში ითამაშოს.
რამდენიმე დღის წინ თურქულ მედიაში დაიწერა, რომ ქოჩორაშვილის დამატება „ტრაბზონსპორს“ სურს, რისთვისაც მათი მთავარი მწვრთნელი ფატიჰ ტეკე უახლოეს დღეებში ესპანეთში ჩასვლას გეგმავს. მედიაში ასევე იწერება ქოჩორას მიმართ „ნაპოლის“ ინტერესის შესახებაც.
ცნობისთვის, ქოჩორაშვილს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროა.