„რეალის მთავარი კონკურენტი პსჟ იქნება“ - პიკე
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერარ პიკემ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ დაასახელა. ექსფეხბურთელის კომენტარს L'Équipe-ი აქვეყნებს.
რა თქვა პიკემ:
„როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ვსაუბრობთ, მადრიდის „რეალის“ დამარცხებაა საჭირო. „რეალს“ შეიძლება ჰქონდეს საშინელი სეზონი, ლა ლიგაში ლიდერს 20 ქულით ჩამორჩებოდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ეს გუნდი შესანიშნავად თამაშობს. ბოლო წლებში ისინი ყოველთვის ფავორიტები არ ყოფილან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას იგებდნენ.
„ბარსელონა“ სწორი მიმართულებით ვითარდება, მომდევნო წლებში გუნდს დიდი წარმატება ელის, თუმცა წელს ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ მთავარი კონკურენტი პსჟ იქნება, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს.
არ მეგონა, თუ პარიზელები „ლივერპულს“ მოუგებდნენ. ენრიკე შესანიშნავად მუშაობს. მქონდა პატივი, მეთამაშა ლუის ენრიკეს გუნდში სამი წლის განმავლობაში. ის ტოპ-მწვრთნელია და ზუსტად იცის, რისი გაკეთება სურს. მას აქვს საკმარისი დრო, რათა სასურველი გუნდი ააშენოს. მოედანზეც ჩანს, რომ ფეხბურთელები ისე თამაშობენ, როგორც ეს ლუის ენრიკეს სურს. გარდა ამისა, მას კლუბის მფლობელიც სრულად ენდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობისთვის“.
ცნობისთვის, ლუის ენრიკე „ბარსელონას“ 2014–2017 წლებში წვრთნიდა და საკლუბო დონეზე ყველა ტურნირი მოიგო, პიკე კი კატალონიური კლუბის ღირსებას 2008–2022 წლებში იცავდა.