ხულიან ალვარესი, ლიონელ სკალონი, ენცო ფერნანდესი, დორივალ ჟუნიორი, ჯულიანო სიმეონე, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

სრული დომინირება - არგენტინამ ბრაზილია გაანადგურა

Conmebol-ის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-14 ტურში არგენტინამ ბუენოს-აირესში, „მონუმენტალზე“ ბრაზილიის ნაკრებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით იმარჯვა - 4:1.

უკვე მე-4 წუთზე „ალბისელესტე“ ხულიან ალვარესმა დააწინაურა, მე-12 წუთზე კი ენცო ფერნანდესმა სკალონის გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

26-ე წუთზე კრისტიან რომეროს უხეში შეცდომის შემდეგ მატეუს კუნიამ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ორბურთიანი უპირატესობა არგენტინელებმა პირველივე ტაიმში აღადგინეს - ენცო ფერნანდესის პასის შემდეგ ბენტოს კარი ალექსის მაკ ალისტერმა აიღო.

მეორე ტაიმი ასევე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და 71-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ჯულიანო სიმეონემ ბრაზილიის ნაკრების კარში მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ არგენტინამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა და სატურნირო ცხრილს 31 ქულით ლიდერობს. მეორეზე 23 ქულით ეკვადორია, მას მოსდევენ ურუგვაი, ბრაზილია და პარაგვაი 21-21 ქულით.

აღსანიშნავია, რომ არგენტინამ ბრაზილიას მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ორივე მატჩი ისტორიაში პირველად მოუგო - ლიონელ სკალონის და დორივალ ჟუნიორის გუნდების პირველი მატჩი 2023 წლის ნოემბერში ასევე არგენტინელებმა მოიგეს - ერთადერთი გოლი მაშინ ნიკოლას ოტამენდიმ გაიტანა.


დორივალ ჟუნიორი:

„ჩვენი გეგმა პირველივე წუთიდან ჩავარდა. უნდა ვაღიარო, რომ მეტოქემ გვაჯობა და დამსახურებულად იმარჯვა. ეს მძიმე მარცხია, რომელიც რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვიპოვით“.

ლიონელ სკალონი:

„გვიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. 31 ქულა გვაქვს და შესაძლოა ეს ვინმეს მარტივი ჰგონა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ასე არაა. ის, თუ როგორ დავაგროვეთ ეს 31 ქულა, შექებას იმსახურებს. მინდა, რომ არგენტინელმა ხალხმა ამ მომენტით ისიამოვნოს. არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს წარმატებული სერია, იმედია, დიდ ხანს, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ეს დასრულდება, მანამდე კი ამ შედეგით უნდა ვისიამოვნოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრამპი 2026 წლის მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტს უხელმძღვანელებს
ტრამპი 2026 წლის მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტს უხელმძღვანელებს