თოფურია ოლივეირაზე: ცოტა კულტურას ვასწავლიდი
გუშინ ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა. UFC-ს ქართველ ჩემპიონს იქ ყოფნისას ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს.
ერთ-ერთი კითხვა ჩარლზ ოლივეირას ეხებოდა. ილიას ჰკითხეს, გაისეირნებდა თუ არა ის ბრაზილიელ მებრძოლთან ერთად.
„კი, რათა მას ცოტა კულტურა და რამე ასწავლო. ფაქტია, რომ ამ ბავშვს გაზეთის ერთი გვერდიც კი არ აქვს წაკითხული. სხვა კითხვა დამისვით, თუ შეიძლება. ახლა შესაფერისი დრო არ არის სალაპარაკოდ ისეთ ადამიანზე, როგორც ოლივეირაა“, - თქვა თოფურიამ.
მანამდე თავად „დუ ბრონქსმა“ ილიაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ქართველი მებრძოლი საჩემპიონო ბრძოლის მიღებას ჯერ არ იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ილიას შემდეგი მეტოქე, მაგრამ მედიაში აქტიურად იწერება მასსა და მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე.
გეტყვით ასევე, რომ თოფურიამ მეტსახელი შეიცვალა და „ელ მატადორის“ ნაცვლად, მან „ლეგენდა“ დაირქვა.