მამუკელაშვილის 11 ქულა | სან ანტონიო დეტროიტთან უშანსოდ დამარცხდა
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსის“ წაუგებელი სერია „დეტროიტ პისტონსმა“ დაასრულა. „სან ანტონიოს“ ზედიზედ სამი გამარჯვება ჰქონდა და გამთენიისას, „დეტროიტთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში უშანსოდ დამარცხდა - 96:122.
მამუკელაშვილს 16 წუთი და 54 წამი დაუთმეს. ამ დროის განმავლობაში, სანდრო პროდუქტიული იყო და 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. „მამუმ“ 4-დან 3 სამქულიანი და 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, მის პასივში კი 5 პერსონალური ფოლი იყო. ბოლო პერიოდში, ქართველი კალათბურთელი კარგად გამოიყურება და 10-ქულიანი ნიშნული ბოლო 7 შეხვედრიდან მეექვსეში გადალახა.
„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 26 ქულა დევინ ვესელის ანგარიშზეა. სტეფონ კასლმა მატჩი 19 ქულით დაასრულა. „პისტონსის“ მხრიდან საუკეთესო მარკუს სასერი იყო - 27 ქულა, 4 მოხსნა. ტობაიას ჰერისმა 15 ქულა დააგროვა, მალიკ ბიზლიმ - 13.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 31 მოგება და 40 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. „სპურსი“ მეათე ადგილს, რომელიც პლეი-ინში თამაშის უფლებას იძლევა, 4 მოგებით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 28 მარტს, „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ ელის.