“საოცარი გზა გაიარა“ - JudoWorld ლუხუმ ჩხვიმიანის კარიერას დასრულებაზე
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ლუხუმ ჩხვიმიანმა 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.
ამასთან დაკავშირებით, ავტორიტეტული გამოცემა JudoWorld წერს:
„ლუხუმ ჩხვიმიანმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2019 წელს, ტოკიოში 143 ქვეყნის 828-ზე მეტი ძიუდოისტი შეიკრიბა. 60 კგ კატეგორიაში შეჯიბრი დიდებული გამოვიდა. ტაკატო, ნაგაიამა, უროზბოევი, სმეტოვი, ყირგიზბაევი - ყველა ოქროსთვის იბრძოდა.
ლუხუმ ჩხვიმიანმა საოცარი გზა გაიარა და ყველა ფავორიტი დაამარცხა. მისი გამარჯვება ნამდვილ სენსაციად მოინათლა, რადგან ამას ბევრი არ ელოდა. 2 წლის შემდეგ, იმავე ასპარეზზე ლუხუმის ოლიმპიური ოცნება ტაკატოსთან ბრძოლაში დასრულდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში მსაჯის გადაწყვეტილებებმა ბევრი კამათი გამოიწვია, მაგრამ ეს მთავარს არ ცვლის.
ლუხუმ ჩხვიმიანმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ძიუდოს ისტორიაში, როგორც დიდებულმა მსოფლიოს ჩემპიონმა.“
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა კარიერაში სამჯერ თბილისის გრანდ სლემი, ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი, ორჯერ ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ ევროპული თამაშები მოიგო.