1 წელი დაუვიწყარი გამარჯვებიდან | დრამა, პენალტების სერია და დაწერილი ისტორია
2024 წლის 26 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე საბერძნეთი დაამარცხა, ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში ვილი სანიოლის გუნდმა 4:2 გაიმარჯვა და ევრო 2024-ზე თამაშის უფლება მოიპოვა.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების მატჩში გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა პენალტები ზუსტად შეასრულეს. გიორგი მამარდაშვილმა 1 პენალტი მოიგერია. გადამწყვეტი პენალტი ნიკა კვეკვესკირმა გოლად აქცია და უდიდესი გამარჯვების წუთები დადგა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: მამარდაშვილი, კაშია, კვერკველია, კაკაბაძე, დვალი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 104), ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 104), ზივზივაძე (მიქაუტაძე 85), შენგელია (წიტაიშვილი 86), კვარაცხელია (ქვილითაია 109).
მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვება რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ფანზონაში გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა. დიდი გამარჯვების დღეს დაუვიწყარი ემოციები ახლდა, ქართველები ამ დიდმა გამარჯვებამ გააერთიანა, რაც შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გაგრძელდა. ერთიანობამ და წარმატებისკენ სვლის დიდმა სურვილმა ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრების შემდეგი წარმატება განაპირობა, ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე ჯგუფურ ტურნირზე პორტუგალიის ძლევით დიდი სენსაცია შედგა და საქართველოს ნაკრებმა 1/16-ფინალში ითამაშა.