“ლივერპულში ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ, მამარდაშვილის დონე დაეცა“
როგორც მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის რიგებში ვიხილავთ, თუმცა არავინ იცის ქართველი მეკარე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება, თუ არა.
ცნობილია, რომ ალისონ ბეკერი წასვლას არ გეგმავს და თავისი ამბიციები კელეჰერსაც აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება მერსისაიდული გრანდის ყოფილმა კარის დარაჯმა სანდერ ვესტერველდმა დააფიქსირა.
ვესტერველდი:
„არნე სლოტი ახლა მთლიანად პრემიერ ლიგაზეა კონცენტრირებული, მაგრამ მის გონებაში აუცილებლად იქნება ფიქრები მომავალი სეზონის შესახებ. კონკრეტულად კი მეკარის საკითხზე..
ლივერპულში მეკარეებთან დაკავშირებით უცნაური სიტუაციაა შექმნილი. ამ პოზიციაზე უძლიერესებმა მოიყარეს თავი, რაც ძალიან კარგია, თუმცა შესაძლოა ეს ყველაფერი პრობლემა გახდეს.
ალისონის სახით, ლივერპულს შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეც ჰყავდეს. კელეჰერი კი საოცრად სტაბილურია. ასევე არის ახალგაზრდა ვიტესლავ იაროში, რომელიც მესამე მეკარის სტატუსზე გაცილებით მეტს იმსახურებს.
ამ ყველაფრის ფონზე, ლივერპულმა მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა, როდესაც გიორგი მამარდაშვილი იყიდა. ამან გულშემატკივრების გაკვირვება გამოიწვია. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ვთქვი, რომ მამარდაშვილი ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარე იყო. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც გიორგის ლივერპულში ტრანსფერი გამოცხადდა, მისი დონე დაეცა.“
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე ლივერპულმა გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვალენსიადან 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა იჯარის წესით კვლავ ვალენსიაში დატოვა. მიდიოდა საუბარი, რომ გიორგი ასევე იჯარის წესით ბორნმუთს შეუერთდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ღამურებში დარჩენა არჩია.