იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ედვინ ვან დერ სარი
Aa Aa

ტიგანას გაშვება, ბუფონთან კონკურენცია - ვან დერ სარის კარიერის გამორჩეული მომენტები

2011 წელს ძალიან დიდი მეკარის საფეხბურთო კარიერა დასრულდა. ცოცხალი ლეგენდა 2011 წელს მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში ბოლოჯერ გამოჩნდა..

ედინ ვან დერ სარმა კარიერა დაასრულა..

იყო დრო, მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ შერაცხეს..

მას საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა. დღეს კი გვინდა მისი სხვადასხვა ინტერვიუებიდან ამონარიდები შემოგთავაზოთ, სადაც ედვინი კარიერის საინტერესო მომენტებს იხსენებს..

პირველი ნაბიჯები..

„კარიერის საწყის ეტაპზე წინ ვთამაშობდი და არა კარში. ერთ დღეს, თამაშზე ჩვენი მეკარე არ გამოცხადდა და მწვრთნელმა მითხრა: „ედვინ, შენ ყველაზე მაღალი ხარ, ამიტომ კარში ჩადექი“.

ყველაფერმა ისე კარგად ჩაიარა, რომ საბოლოოდ მეკარეობა გადავწყვიტე. მრავალი წლის განმავლობაში პატარა სამოყვარულო გუნდში, ნორდვაიკში ვთამაშობდი და არ ველოდებოდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი. 19 წლის ასაკში, როტერდამის სპარტამ მომმართა და მესამე მეკარეობა შემომთავაზა. არ დავთანხმდი.. რამდენიმე თვეში კი ზარი აიაქსისგან მივიღე. ამ შეთავაზებას კი უკვე დავთანხმდი..“

ლუის ვან გაალზე..

„ის ყოველთვის ყველასთან ერთნაირია. არ აქვს მნიშვნელობა რომელ კლუბში მუშაობს.. ნიდერლანდების ნაკრებშიც კი ისეთია, როგორიც მაგალითად მანჩესტერ იუნაიტედში იყო. მას ვარჯიშებზე მკაცრი და განსხვავებული მეთოდები აქვს. ვან გაალი მუდამ თავისი ფეხბურთელების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ეს ყველაფერი ჩემთვის მისაღები იყო..“

აიაქსის გამარჯვება ჩ.ლიგაზე

„ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო, მაგრამ მაშინ სულ სხვა ფორმატი და გაცილებით ნაკლები გუნდი იყო. დროის გასვლასთან ერთად, გუნდების რაოდენობა გაიზარდა და ამან გარკვეულწილად რომანტიზმი დაკარგა. არ ვიცი ოდესმე შეძლებს, თუ არა აიაქსი იგივეს გამეორებას. ეს ძალიან რთული იქნება. ბევრ რამეს ბიუჯეტი წყვეტს და დღეს ამსტერდამულ კლუბს იმხელა ბიუჯეტი არ აქვს, როგორიც მაგალითად რეალს, ბარსელონას, ბაიერნს..“

იუვენტუსი, ფულემი, მანჩესტერი..

„როდესაც 1999 წელს აიაქსი დავტოვე, ლივერპულში გავემგზავრე და ჟერარ ულიეს დაველაპარაკე. მან ენფილდი დამათვალიერებინა და რამდენიმე მოთამაშეს შევხვდი. მიუხედავად ამისა, იუვენტუსმა უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინა და იმ პერიოდში ტურინში თამაში უფრო მიზანშეწონილად ჩავთვალე. საინტერესო იცით რა არის? იმავე პერიოდში ჩემს მიმართ ინტერესი მანჩესტერ იუნაიტედმაც გამოიჩინა. სერ ალექსის ძმა მესაუბრა, მაგრამ მაინც იტალიაში თამაში ვამჯობინე.

მოგვიანებით ისიც გავიგე, რომ სერ ალექსს ძალიან უნდოდა ჩემი გადაბირება, მაგრამ იუნაიტედის დირექტორს მარკ ბოსნიჩთან ჰქონდა შეთანხმება, რომელიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდებოდა. ჩემი გეგმა ყოველთვის იყო შმეიხელის შეცვლა, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებას წლები დასჭირდა. ფულემში გადასვლამდე არსენალმა მიზერული ყურადღება გამოიჩინა და საბოლოოდ სერიოზულად არ მომიდგნენ. ფულემში გადავედი, შემდეგ კი მანჩესტერ იუნაიტედში. ძალიან სასიამოვნო იყო, როცა წითელი ეშმაკების შემადგენლობაში არსენალი არაერთხელ დავამარცხე.“

ზიდანი და იუვენტუსი..

„ზიდანი სავსებით ნორმალური ბიჭი იყო. იტალიაში ყოველთვის იყვნენ კაშკაშა ბიჭები ძვირადღირებული მანქანებით და ტანსაცმლით, მაგრამ ზიზუ ასეთ არ იყო. ყოველთვის ჩვეულებრივად ეცვა, ძირითადად ჯინსი და თეთრი მაისური. ფეხბურთის მხრივ კი სრული საოცრება.. ის მთლიან თამაშს აკონტროლებდა და ყოველთვის ზუსტად იცოდა რა ხდებოდა მის ირგვლივ. პასის გაკეთება ნებისმიერი პოზიციიდან შეეძლო..“

ფრანჩესკო ტოტის პენალტი

„არ ვიცი რატომ, მაგრამ ბევრი თვლის, რომ იმ პენალტის გაშვებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. არა.. გოლი გოლია და მეკარე ხშირად უშვებს. ნიდერლანდების ნაკრებმა ნახევარფინალში პენალტები საშინლად შეასრულა და დამსახურებულად გავვარდით. რა თქმა უნდა, ბევრი ვინერვიულე, მაგრამ ამის გამო ღამეები ნაღდად არ გამითენებია. ფინალში გასასვლელად ბევრად უკეთ უნდა გვეთამაშა.“

ბუფონის ფაქტორი იუვენტუსში

„რა თქმა უნდა, მისმა მოსვლამ იუვენტუსში ბევრი რამ შეცვალა. 2001 წლის ზაფხულში ხელმძღვანელებს შევხვდი და მითხრეს, რომ 2-3 ახალი ფეხბურთელის დამატებას აპირებდნენ, მაგრამ საუბარი მეკარეზე, რომ იყო ეს არავის უთქვამს. პირადად მე ვიკითხე აპირებდნენ, თუ არა მეკარის მოყვანას და პასუხი უარყოფითი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, ისე, რომ მე არაფერი მითხრეს, ბუფონი 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოიყვანეს და მე ახალი ვარიანტების ძებნა დავიწყე. ნათელი იყო, რომ ამხელა თანხას სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელისთვის არავინ გადაიხდიდა. სამწუხაროდ, იუვენტუსში იმ დონეს ვერ მივაღწიე, რასაც მომავალში მანჩესტერ იუნაიტედში..“

რატომ ფულემი..?

იმ პერიოდში, იტალიაში მეკარეებს შორის ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ბუფონი იუვენტუსში გადმოვიდა, ტოლდო ინტერში და სებასტიენ ფრეი პარმაში. ეს იყო ერთგვარი შეხლა-შემოხლა ტოპ კლუბებში მეკარეებს შორის. ჩემი აგენტი აიაქსს, ლივერპულს და დორტმუნდს ესაუბრებოდა. ლივერპულმა და დორტმუნდმა გვითხრეს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე უნდა მოგვეცადა და მხოლოდ შემდეგ მეტყოდნენ პასუხს.

მოულოდნელად ფულემი გამოჩნდა, რომელსაც გარკვეული ამბიციები ჰქონდა. ისინი პრემიერ ლიგაში ახალი გადასულები იყვნენ და უამრავ ფეხბურთელს ყიდულობდნენ. მე უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდოდა. რჩევა ლუის ვან გაალს ვკითხე, რომელიც იმ დროს ნიდერლანდების ნაკრებს წვრთნიდა. ჩემს მიმართ ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი და ფულემში გადასვლა სწორ ნაბიჯად მიიჩნია. საბოლოო ჯამში, მე ერთი პატარა ნაბიჯი უკან გადავდგი, რათა შემდეგ, დიდი ნაბიჯებით წინ წავსულიყავი..“

მოჰამედ ალ-ფაიდი..

„მოჰამედ ალ-ფაიდი ექსცენტრიული ადამიანი იყო. მან რამდენიმე უჩვეულო რაღაც გააკეთა. ის კლუბის მფლობელი იყო და მეტად უცნაურად იქცეოდა. მოდიოდა ვარჯიშებზე გუნდის ეკიპირებით, სეირნობდა მოედანზე და ყველას გვაკვირდებოდა. არც თამაშები იყო გამონაკლისი. გახურების დროს ხშირად ჩამოსულა მინდორზე და ფეხბურთელებისთვის გამარჯობა უთქვამს.

გასახდელშიც ხშირად შემოდიოდა და გვესაუბრებოდა. რამდენჯერმე სავარჯიშო სტადიონზე ვერტმფრენით დაეშვა. კარგი შედეგების შემდეგ კი ყოველთვის გვასაჩუქრებდა. ის არ იყო სტანდარტული მფლობელი, რომელიც ყველასგან დისტანცირებულია. ყველა ვუყვარდით და ამას ხშირად გამოხატავდა..“

ტიგანას გაშვება..

„ეს მართლაც უცნაური იყო. ტიგანამ ფულემი პრემიერ ლიგაში აიყვანა და შემდეგ სეზონში ადგილი შეინარჩუნა. მისი გაშვება ჩემთვის მოულოდნელი და სამწუხარო იყო. ფულემში ჩემი გადასვლა მისი სურვილი იყო და ბევრ რამეში დამეხმარა. მან ფეხბურთი კარგად იცოდა და შეიძლება ითქვას, რომ მაღალ დონეზე გვათამაშებდა.“

შუალედი და სურვილი..

„ლონდონში ყოფნა ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ ვერ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ არ მეგონა ფულემში თუ 4 წელს გავატარებდი. ეს ძალიან დიდი შუალედია.. ტრანსფერის დროს, ლონდონურ კლუბში ჩემს თავს მაქსიმუმ 2 სეზონით ვხედავდი.. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, გუნდში მთხოვეს, რომ ხელშეკრულება 1 წლით გამეხანგრძლივებინა, რათა მათ ჩემი გაყიდვით ფინანსური სარგებელი მიეღოთ.

აღმოჩნდა, რომ ჩემი ყიდვა მანჩესტერ იუნაიტედს გადაწყვეტილი ჰქონდა. ხმოვანი შეტყობინება პირდაპირ სერ ალექს ფერგიუსონისგან მივიღე და ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო. ეს იყო მომენტი, როცა გავიაზრე, თუ რატომ ჩავედი ლონდონში.. მე ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა.. ფერგიუსონმა მითხრა, რომ სჭირდებოდა მეკარე, რომელიც დაცვის ხაზს მუდმივად გააკონტროლებდა და მატჩის დროს, ბევრ რამეს უკარნახებდა.. მე სწორედ ასეთი ტიპის მეკარე ვიყავი..“

ანელკას პენალტი..

მახსოვს, მატჩის წინ, ჩელსის ბევრი პენალტი ვნახე და დავიმახსოვრე, ვინ საით ურტყამდა.. კარგად მახსოვს, ანელკა თავის თერთმეტმეტრიანებს ძირითადად მეკარისგან მარჯვნივ ურტყამდა..

მოგვიანებით გავიგე, რომ ჩელსიმ ჩემზე დაკვირვება მოახდინა და ნახეს, რომ მე ძირითადად მარჯვნივ ვხტებოდი. ასე რომ, მათ დავალება მისცეს მაქსიმალურად ბევრჯერ დაერტყათ მარცხნივ. ასეც გააკეთეს და უმრავლესობამ მარცხნივ დაარტყა.. ველოდი, რომ ანელკა მარჯვენა მხარეს აირჩევდა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა. მას შემდეგ, რაც მისი პენალტი ავიღე, ვიგრძენი, რომ სამყაროს რამდენიმე წამით ჩამოვშორდი.. არ მგონია, რომ ოდესმე იმაზე დიდ ემოციას მივიღებ, რაც მაშინ განვიცადე.. დავინახე, რომ ყველა თანაგუნდელი ჩემკენ გამორბოდა. ეს ჩემი კარიერის მთავარი წერტილი იყო..“


ვან ნისტელროი და ვან ბასტენი..

„ევრო 2008-ზე ნისტელროის და ვან ბასტენს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. მე გუნდის კაპიტანი ვიყავი და მინდოდა, რომ ნისტელროი ევროპის ჩემპიონატზე წამოსულიყო. ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ისინი მე შევარიგე, მაგრამ ასე არ იყო. მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, როგორც გუნდის კაპიტანმა.

ვან ბასტენს ნათლად დავანახე, რომ ნისტელროი გვჭირდებოდა. ის აუცილებლად გამოგვადგებოდა ტურნირის განმავლობაში. ვფიქრობ, ორივე ჯიუტი პერსონაჟია. სიტუაციის განსჯის და მოგვარების დიდი ნიჭი მაქვს, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ მე ისინი შევახვედრე და შევარიგე. ასე არ ყოფილა.. მე უბრალოდ ვან ბასტენს სიტუაცია სწორად დავანახე..

მშრალად შენახული კარი

„2008/2009 წლების სეზონში ზედიზედ 14-ჯერ შევინახე კარი მშრალად და რა თქმა უნდა, ეს ჩემი დაცვის ხაზის დამსახურებაც იყო. მიუხედავად ამისა, ეს სერია ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყო. ვამბობდი, რომ თუ ჩემპიონები ვერ გავხდებოდით, მშრალად შენახული კარი არაფერი იქნებოდა. ამ ყველაფერზე ძალიან ბევრს წერდნენ. მედია სიტუაციას კიდევ უფრო აბუქებდა და წნეხს ზრდიდა. გარკვეულ მომენტში, ამან ჩვენზე იმოქმედა. ვფიქრობ, მედიას და ირგვლივ მყოფ ხალხს უფრო ანერვიულებდა გოლის არ გაშვება, ვიდრე მე..

უგოლო სერია ნიუკასლთან შეცდომით დასრულდა. შეცდომა პიტერ ლოვენკარნდსის დარტყმას მოყვა. მერჩივნა გოლი ყუმბარისებული დარტყმით გამეშვა. ისეთი გოლის გაშვება მინდოდა, რომლის აღებაც შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ასე მოხდა. არა უშავს, შეცდომას ყველა უშვებს..“

რუნის და რონალდუს შედარება

„ახალგაზრდულ ასაკში ამბობდნენ, რომ რუნი და რონალდუ ერთ დონეზე იყვნენ. ორივე დაუჯერებლად მუშაობდა, მაგრამ კრიშტიანუმ დონე აამაღლა. მოედნის მიღმა, ის ყველაფერზე ამახვილებდა ყურადღებას. მაგალითად სწორი კვება, დასვენება და სხეულის გაძლიერება. ვარჯიშების შემდეგ, ის ხშირად მუშაობდა საჯარიმო დარტყმებზე. შემდეგ მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა: „ედვინ, შეგიძლია კარში ჩადგე?“ - ვუპასუხე, რომ დამატებითი ვარჯიშისთვის უკვე მოხუცი ვიყავი და ახალგაზრდული გუნდის მეკარისთვის მიემართა, მაგრამ ის დაჟინებით მოითხოვდა ჩემს ჩაყენებას, რადგან ჩემთვის სურდა გოლის გატანა. მან ეს შედეგი დაუღალავი შრომის შედეგად დადო. რუნისაც კარგი კარიერა ჰქონდა, მაგრამ გაცილებით მეტი შეეძლო.“

დაუფასებელი მანჩესტერ იუნაიტედი

„მანჩესტერ იუნაიტედმა ზედიზედ სამი პრემიერ ლიგა მოიგო და 4-წლიან პერიოდში ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ გავიდა. იმ გუნდს არასდროს აყენებენ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ, მაგრამ მესმის..

თუ გინდა, რომ ისტორიას დარჩე, მაშინ უნდა მოიგო. ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალიდან 2 წავაგეთ. ვფიქრობ, ბარსელონა, რომ დაგვემარცხებინა ისტორიაში სულ სხვანაირად შევიდოდით, თანაც ჩვენ ვიქნებოდით პირველი, ვინც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოიგო. მოგვიანებით ამას რეალმა მიაღწია, თუმცა ჩვენც შეგვეძლო. სწორედ ამიტომ არ გვასახელებენ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად.“

ზეწოლა დე ხეაზე

„სიმართლეა, რომ ინგლისში ფეხბურთელებს ძალიან მწვავედ აკრიტიკებენ, მაგრამ დავიდმა ცუდად დაიწყო და გარკვეული შეცდომები დაუშვა. კრიტიკა კი მოსალოდნელი იყო. როდესაც ასეთ უზარმაზარ კლუბში მიდიხარ, თან ასეთ ახალგაზრდულ ასაკში, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ მის მიმართ კრიტიკა დამსახურებული იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა შევაქო. დე ხეა ამ კრიტიკამ კი არ დაასუსტა, პირიქით გააძლიერა. უფრო მეტი მოინდომა, უფრო მეტი იშრომა და საოცარ შედეგებამდე მივიდა. უდიდეს მეკარედ ჩამოყალიბდა და ყველანაირ ზეწოლას გაუძლო. სამწუხაროა, რომ მისი მანჩესტერული კარიერა ისე არ დასრულდა, როგორც იმსახურებდა.“

ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდების გარეშე

„ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული საკითხია და ბევრი რამის თქმა არ მსურს. მხოლოდ ერთს ვიტყვი - როდესაც ისლანდიასთან ორჯერ წააგებ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ღირსი არ ხარ.“

ფეხბურთელი კარებში

„მანჩესტერ იუნაიტედში თამაშის დროს, ისე მოხდა, რომ ორჯერ კარში ჩადგომა მინდვრის მოთამაშეს მოუწია. სამწუხაროდ, მათ ვერანაირი რჩევა ვერ მივეცი. პირველ შემთხვევაში ტრავმა მივიღე და მოედანი დავტოვე. მეორე მეკარემ ტომაშ კუშჩაკმა წითელი ბარათი მიიღო. იმ მომენტში, როცა ფერდინანდი კარში დგებოდა, მე უკვე ტრიბუნაზე ვიყავი და ვერაფერი ვუთხარი.

ტოტენჰემთან მატჩის დროს, კინთან შეჯახების შემდეგ, ცხვირი გავიტეხე. იმ წამსვე გასახდელში წავედი, რომ ექიმს შესაბამისი ზომები მიეღო. რამდენიმე წუთში გულშემატკივრების ოვაციები გავიგე და მითხრეს, რომ ჯონ ო’შიმ საოცარი მოგერიება შეასრულა. ვერც მისთვის მოვასწარი რაიმე რჩევის მიცემა.“

ლანძღვა გულშემატკივრებისგან

„ინგლისში თამაშის დროს, ყველაზე მეტად ვესტ ჰემის გულშემატკივრები არ მომწონდნენ. საშინელი სიტყვებით მლანძღავდნენ. ლანძღვა ყველა გასვლით მატჩში იყო, თუმცა სიმძაფრე დამოკიდებულია იმაზე შენი გუნდი აგებს, თუ იგებს. თუ იგებს და შენ დრო გაგყავს, კარის უკნიდან საშინელი შეძახილები ისმის, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია.

მთლიანობაში, ინგლისელი გულშემატკივრები დიდებულ ატმოსფეროს ქმნიან, რაც ფეხბურთელებისთვის სუპერ მოტივაციაა. ინგლისში თამაშისას, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში.“

2012 წლის, ნიუ-იორკის მარათონი 

„დღემდე ძალიან ბევრს უკვირს, რომ ამ მარათონში მონაწილეობა მივიღე. მარათონი ხშირად იმართება და ჩემი მეგობრები მონაწილეობის მიღებას სულ მთხოვდნენ. როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი არ შემეძლო, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ სულ ვპირდებოდი..

კარიერა 2011 წელს დავასრულე და დასრულებამდე მათ ბევრჯერ დავპირდი, რომ მონაწილეობას მივიღებდი, მაგრამ კონტრაქტი რამდენჯერმე გავახანგრძლივე და ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

კარიერის დასრულების შემდეგ, საკმაოდ დიდი ხანი ვემზადებოდი.. 2012 წლის ნიუ-იორკის მარათონში საოცარი სირთულეები გადავლახე. 42 წლის ასაკში, შეუსვენებლად 4 საათი და 19 წუთი ვირბინე. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს მაინც შეუძლებლად მეჩვენება.“

გაზიარება: