„მახაჩევი ყველაფერს იზამს, რომ ილიას არ ეჩხუბოს“ - მეტ ბრაუნი
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, მეტ ბრაუნმა (24-19) პოდკასტ The Fighter vs. The Writer-ის ახალ ეპიზოდში განაცხადა, რომ პრომოუშენმა ისლამ მახაჩევის და ილია თოფურიას ჩხუბი უნდა ჩანიშნოს.
მეტ ბრაუნი:
„მე ილიას ამ შესაძლებლობას მივცემდი. ისლამი შეეწინააღმდეგება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ჩხუბი არ შედგეს. მას თავისი არგუმენტები აქვს, რომლებსაც ვიზიარებ, თუმცა არა მგონია, რომ სხვა მებრძოლებმა სატიტულო ჩხუბი მეტად დაიმსახურეს - ამიტომაცაა ამ წონაში 4 პრეტენდენტი.
არც ერთ პრეტენდენტს არ გაუკეთებია ისეთი რამ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვაღიაროთ ის მთავარ ფავორიტად. ამიტომაც მე ვამბობ - მიეცით ილიას შანსი და ვნახოთ, რა გამოვა. თუ თოფურიამ მოიგო, UFC მისი სახით კიდევ უფრო დიდ ვარსკვლავს მიიღებს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადასვლა დააანონსა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან ჩხუბზე უარი თქვა და განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლამდე „ელ მატადორმა“ ახალ წონაში სხვა მებრძოლებთან უნდა იჩხუბოს.
აქვე გეტყვით, რომ მეტ ბრაუნმა კარიერა 2023 წელს დაასრულა. მას ეკუთვნის UFC-ის რამდენიმე რეკორდი, მათ შორის ყველაზე მეტი ნოკაუტი ქვესაშუალო წონაში (13) და ყველაზე მეტი ფინიში ქვესაშუალო წონაში (15).