ბარსელონა მესის დაბრუნებას 2026 წლის მუნდიალის შემდეგ განიხილავს
„ბარსელონა“ ლიონელ მესის დაბრუნებას განიხილავს. ამის შესახებ TEAMtalk-ი წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა 37 წლის არგენტინელის გაფორმებას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აპირებს. როგორც მოსალოდნელია, იმ დროისთვის „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქცია უკვე დასრულებული იქნება და სწორედ მაშინ იგეგმება მესის წარდგენა
შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა. არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა. გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ.
ლეო „ინტერ მაიამიში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. კლუბთან მისი მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მესის საბაზრო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.