Fichajes: პოგბა კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს
ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მომავალ კლუბთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო - ის კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა Fichajes-ი იტყობინება.
როგორც ცნობილია, დოპინგის გამო მისჯილი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ 1 იანვრიდან პოლ პოგბას სავარჯიშო პროცესის განახლების საშუალება მიეცა, თამაშის უფლება კი მარტიდან ექნება.
Fichajes-ის წყაროს ინფორმაციით, პოგბას აგენტებსა და ფლორიდულ კლუბს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა და შეთანხმება შესაძლოა უახლოეს მომავალში შედგეს.
გამოცემის წყარო ასევე ამბობს, რომ პოგბას გადაწყვეტილებაში გადამწყვეტი ფაქტორი „ინტერ მაიამიში“ შეკრებილი ვარსკვლავური შემადგენლობა გახდა - 32 წლის ფრანგს ხორდი ალბას, სერხიო ბუსკეტსის, ლუის სუარესისა და ლეო მესის გუნდში თამაში სურს.
გარდა ამისა, Fichajes-ის ინფორმაციით, მესიმ თავად სთხოვა კლუბის ხელმძღვანელობას ფრანგი ფეხბურთელის გაფორმება, ვინაიდან არგენტინელი მიიჩნევს, რომ პოგბა გუნდის ნახევარდაცვას საგრძნობლად გააძლიერებს.
ცნობისათვის, გასულ წელს დოპინგის მოხმარებასთან დაკავშირებული ბრალის დამტკიცების გამო, პოლ პოგბას ფეხბურთის თამაში თავდაპირველად 4 წლით აუკრძალეს, თუმცა მოგვიანებით სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მას სასჯელი 18 თვემდე შეუმცირა.
პოგბას ბოლო კლუბი „იუვენტუსი“ იყო, რომელთანაც ფრანგმა ფეხბურთელმა კონტრაქტი გასული წლის ოქტომბერში გაწყვიტა.