შარა ბულეტმა დოლიძე გამოიწვია | რომანმა მას უარით უპასუხა
UFC-ის მებრძოლმა, შარაბუტდინ მაგომედოვმა რომან დოლიძე გამოიწვია და მასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. „შარა ბულეტის“ განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, „კავკასიელმა“ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და მისი გამოწვევა არ მიიღო.
„თვე-ნახევარი მჭირდება, რათა ბოლომდე გამოვჯანმრთელდე და ივლისში ან აგვისტოში ოქტაგონზე გასასვლელად მზად ვიქნები. დოლიძე მიწვევდა და ყველა ამბობდა, რომ მასთან ჩხუბს გავურბოდი. რომან, მოდი! იმ პერიოდში, ეს ჩხუბი არ მაინტერესებდა და ხალხი ამბობდა, რომ მას გავურბოდი, ახლა კი მე ვიწვევ, მაგრამ დოლიძე გამირბის“, - აღნიშნა „შარა ბულეტმა“.
„ამ მომენტისთვის, შარასთან ჩხუბით დაინტერესებული არ ვარ. ის ტოპ 15-ში საერთოდ არ იმყოფება. ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე, შარა! მოგებები დაიწყე და შეიძლება, ერთმანეთს ოქტაგონზე შევხვდეთ“, - აღნიშნა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ რომანმა ბოლო ორთაბრძოლა მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. იტალიელის დამარცხების შემდეგ, „კავკასიელმა“ ისრაელ ადესანია და რობერტ უიტეკერი გამოიწვია.